
საქართველოში მინისტრის ხელფასი 6240 ლარია, მაგრამ საშემოსავლო 20% ექვითებათ და ხელზე 5000 ლარს იღებენ.
ირაკლი ალასანიას ხელფასის გარდა ემსახურებოდა სახელმწიფო მანქანა, უზრუნველყოფილი იყო საწვავით, მობილური ტელეფონების ხარჯი მინისტრს შეუზღუდავი ჰქონდა (ანალოგიური ხარჯები, ცხადია, სხვა ექსმინისტრებსაც ჰქონდათ).
„ირაკლი ალასანიას თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე არც მობილური ტელეფონი შეუძენია და არც „ნოუთბუქი“. მას საკუთარი მობილური ჰქონდა და სამინისტროს სტაციონარული კომპიუტერით სარგებლობდა. ყოფილმა მინისტრმა 5000-ლარიანი სამსახური კი დაკარგა, მაგრამ შემოსავლების გარეშე არ რჩება, მისივე დაარსებული პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს.
მანამდე ამ პოსტზე ირაკლი ქადაგიშვილი მუშაობდა და წლიური ხელფასი 23 ათას 500 ლარს შეადგენდა. ზუსტად ამდენი ექნება ირაკლი ალასანიასაც. გამოდის, რომ პირადი შემოსავლის კუთხით, ირაკლი ალასანიას შემოსავალი მოაკლდება.
თუმცა, ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ხელფასსაც ალასანიას ბიუჯეტი უხდის, „თავისუფალი დემოკრატები“ ხომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ, კოალიცია კი არჩევნებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ყველაზე მსუყედ ფინანსდებოდა ბიუჯეტიდან, რადგან მას შემდეგ, რაც ბიუჯეტიდან კვალიფიციური პარტიების დაფინანსების საკითხი ხელახლა წამოიწია და ამის შესახებ კანონიც მიიღეს, „ქართულმა ოცნებამ“ ორ არჩევნებში გაიმარჯვა - საპრეზიდენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ალასანიას პარტია ბიუჯეტიდან 366 ათას ლარზე ცოტა მეტს წელსაც მიიღებს, გაისადაც და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ვიდრე ახალი არჩევნების შედეგების მიხედვით, ხელახლა არ დახარისხდებიან კვალიფიციური სუბიექტები.
სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილიც 5000 ლარს იღებდა ხელფასს. მან ეს ხელფასი დაკარგა და პარტიაში გადაბარგდა. ჩვენ ვკითხეთ ყოფილ მინისტრს, „თავისუფალ დემოკრატებში“ რამდენი ექნება ხელფასი. „ალბათ, მექნება, მაგრამ არ ვიცი, რამდენი. პარტიას აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსება და რის შესაძლებლობა იქნება, დრო გვიჩვენებს“, - გვიპასუხა ექს-მინისტრმა.
მაია ფანჯიკიძემ 5000 ლარი, მინისტრის ხელფასი კი დაკარგა, მაგრამ უშემოსავლოდ არ დარჩენილა - „გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის“ სრული პროფესორი იყო მინისტრობის დროსაც და ხელფასის სახით, უნივერსიტეტიდან თვეში 5000 ლარს იღებდა.
თუ ექს-მინისტრი ამ უნივერსიტეტში ლექციების კითხვას გააგრძელებს და ეს, ალბათ, ასეც იქნება, რადგან მინისტრობისასაც არ დაუტოვებია უნივერსიტეტი, მაშინ 5000-ლარიანი პირადი შემოსავლის იმედად დარჩება“, - წერს გაზეთი „ალია“.