
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოფიციალურად გადაწყვიტა, "თავისუფალი დემოკრატები" დატოვოს. მან ამ განცხადებით პარტიის თავმჯდომარეს მიმართა, გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ არჩევანი ევროატლანტიკური საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა.
"მე დღეს მივმართავ ჩემს მეგობარს, ძალიან ძვირფას ადამიანს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას და დავტოვებ ამ პარტიას. მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მივიღე გადაწყვეტილება, რაც მგონია, რომ ამ კონტექსტში დღეს ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს სასარგებლოდ.
მჯერა, რომ რაც არ უნდა იყოს სიძნელეები, ხარვეზები მთავრობის მუშაობაში. მთავრობას აქვს ერთადერთი კურსი - ეს არის ევროატლანტიკური კურსი და მე ვაგრძელებ. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ, ჩემს მთავრობასთან, მინისტრ კოლეგებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გავაგრძელო ისეთივე დაუღალავი შრომა, როგორსაც იუსტიციის სამინისტრო, თითოეული თანამშრომელი ახორციელებდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.
აქედან გამომდინარე, ევროატლანტიკური კურსისათვის მეც და მთავრობასაც გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო და ამ სამუშაოს ჩვენ ვაგრძელებთ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.