
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მსგავსად, საკუთარ პოსტზე რჩება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.
იგი კუბაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ ჯალაღანიამ წასვლა გადაიფიქრა.
„პრემიერისგან მე მივიღე დავალება და იმისათვის, რომ სისტემა ფუნქციონირებდეს და ეს ამოცანები და დავალებები შესრულდეს, მე გავაგრძელო ჩემი საქმიანობა დროებით. მე ამ სიტუაციაში ნამდვილად არ მაქვს უფლება, რომ არ გავითვალისწინო სისტემის და ჩვენი საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი საჭიროებები",- განაცხადა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში დავით ჯალაღანიამ.
გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ის თანამდებობას მოადგილეებთან, მათ შორის დავით ჯალაღანიასთან ერთად ტოვებდა.
განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო ნატო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ. თუმცა მისი თქმით, პოსტს ის მხოლოდ მას შემდეგ დატოვებს, რაც უახლოეს პერიოდში რამდენიმე ძირითადი შეხვედრა შედგება.
„პრემიერი ჩავაყენე საქმის კურსში იმის შესახებ, რომ ვტოვებ თანამდებობას. ჩემი გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავატარებთ იმ ძირითად შეხვედრებს, რომელიც დაგეგმილი გვაქვს უახლოის პერიოდში. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც მაკისრია ქვეყნის წინაშე," - აღნიშნა ლევან დოლიძემ.