-
2014-11-04 20:18
ამის თაობაზე თავდაცვის მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული.
მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი წასული იყო კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე და ხელი ეწერებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, როდესაც კაპანაძე იმყოფება ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე ვაშინგტონში, გრძელდება დაკავებები და დააკავეს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი.
ჩვენ არ გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა დაუდგეს, გვქონდა ეჭვი, თუ რა საფუძველი იყო იმის, რომ ეს ადამიანები იყვნენ ციხეში, ესენი არსად არ გარბოდნენ და მაღალი თანამდებობის პირები ჩაუდგნენ თავდებში", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, ადგილი აქვს მიზანმიმართულ შეტევას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. „მივმართავ ჩვენი მმართველი კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს, შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საით მიჰყავს ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, ეს არის შეტევა იმ სტრუქტურაზე, რომელიც გამორჩეულია საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე.
მე მინდა ასევე გითხრათ, რომ კარგად ვიცი ვისი გორისა ვარ. ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელიც იყო ზოგიერთი მედიის წარმომადგენლის მხრიდან ნასროლი.
მე გპირდებით ქართულ საზოგადოებას, რომ ბოლომდე მივიყვან ჩემს მიერ დაწყებულ საქმეს და ვუერთგულებთ იმ იდეალებს, რომლისთვისაც საზოგადოებასთან ერთად ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა მთავარია სიმშვიდე სიბრძნე და მტკიცედ გავაგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის ბრძოლა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.