
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მას თავდაცვის მინისტრთან კითხვები აქვს და დასკვნებს მასთან საუბრის შემდეგ გამოიტანს, როცა ირაკლი ალასანია საქართველოში დაბრუნდება.
„რეაქციაში“ პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის მტკივნეულია ბრალდებები საქართველოს ერთერთი უმთავრესი სამინისტროს მისამართით, მაგრამ დაამატა, რომ თითოეული მსგავსი შემთხვევის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა.
ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის მაგალითი გაიხსენა, რომელიც უკანონო ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, დადგება თუ არა თავად თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი: „დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა მან „რეაქციაში“:
"მე ვერ გეტყვით, მე არ ვარ გამომძიებელი, მე არ ვარ პროკურორი, მე მინდა გითხრათ რომ ორივე უწყება რეალურად ჩემს დაქვემდებარებაშია პირდაპირ თუ არაპირდაპირ. მე ორივეს განვიცდი - თუ ერთმა ვერ დაამტკიცა მეორის დანაშაული ან პირიქით მოხდა. რა თქმა უნდა ეს ჩემთვის ორივე შემთხვევაში არის მტკივნეული. მე ამას განვიცდი, რომ ჩემ მთავრობას ეხება".
„...მეც მაქვს შეკითხვები, რა თქმა უნდა მძიმეა, ვინაიდან არ მინახავს მინისტრი ალასანია, მეც ვაპირებ საუბარს, თვითონაც დაინტერესდება და განმარტავს მოქალაქეებისთვის თუ რასთან გვაქვს საქმე. ამას გარკვევა სჭირდება. ამასთან ასეთი გულგრილი დამოკიდებულება არ შეიძლება. ის რაც ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურისგან, თუ ეს ასეა და ის სავარაუდო დანაშაული რომელზეც საუბარია დამტკიცდება, რა თქმა უნდა მძიმე გადაწყვეტილება იქნება. და მძიმე პასუხისმგებლობას დააყენებს სამინისტროს მაღალჩინოსნების";
"სამინისტრო უნდა იყოს მოტივირებული, რომ ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი. მათ შორის საჯაროდაც და პირადად მინისტრმა. თუნდაც ის ფაქტი რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ კითხვები იმაზე რომ ტენდერი როგორ ჩატარდა, ან კაბელი რომელიც გაიყვანეს რამდენად მიზანშეწონილი იყო ამის გაკეთება.
ეს ცალკე საკითხია. მეორე საკითხია როგორ ჩატარდა ტენდერი. ხომ არ მოხდა რაიმე დარღვევა. იმიტომ, რომ კითხვები არის, ძალიან მოკლე ვადაში მოხდა ტენდერის ჩატარება...
5 მილიონი გამოიყო სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს, მაშინ მორჩენილი გვქონდა და მიეცა სამინისტროებს. ეს 5 მილიონი არის ავანსის სახით მიცემული და შემდეგ სულ რაღაც ორ კვირაში დამატებით 1.5 მილიონი... მე ეს არ ვიცოდი, ჩემთვის რომ ეკითხა მე ვეტყოდი, როგორც მინიმუმ, რჩევას მივცემდი. კითხვებზე პასუხი საჭიროა.
საზოგადოებამ უნდა გაიგოს რატომ გადაიხადა თავდაცვის სამინისტრომ ამ კაბელში 6.5 მილიონი და ჯდებოდა 2.5 მილიონი და 4 მილიონი გაიფლანგა სავარაუდოდ, თუმცა ამას დამტკიცება სჭირდება და ერთი ხელის მოსმით ვერ იტყვი" - თქვა პრემიერმინისტრმა „იმედის“ ეთერში.