"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში აქცენტი "შევარდნაძის პერიოდის პოლიციის რესტავრაციის" შესახებ კეთდება, განცხადების საფუძველი კი ბათუმში, პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების გამართვა გახდა.
განცხადებაში ნათქვამია:
"მთავრობის მიერ სტატისტიკით მანიპულირების მიუხედავად, საზოგადოებამ კარგად იცის რომ ადგილი აქვს კრიმინალის სერიოზულ ზრდას. ყოველდღიურად ვიგებთ ძარცვის, ყაჩაღობებისა თუ მკვლელობების შესახებ. ამ პრობლემასთან ბრძოლის ნაცვლად, დღევანდელი მთავრობა დაკავრებულია შევარდნაძის პერიოდის პოლიციის რესტავრაციით როცა კრიმინალი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადაჭრით გმობს ბათუმში, პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შევარდნაძის პერიოდის ოდიოზური შსს-ს თანამდებობის პირთა დასწრებას და მათ დაჯილდოვებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია შევარდნაძის პერიოდის თბილისის შსს სამმართველოს „ლეგენდარული“ უფროსის სოსო ალავიძის, სახელმწიფო ავტო ინსპექციის მაღალჩინოსან თამაზ თამაზაშვილის, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პოლიციის ოდიოზური უფროსის გუჯა ჯამბურიას და ვაკე-საბურთალოს პოლიციის არანაკლებად ოდიოზური უფროსის მერაბ ბაღათურია დასწრება.
საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს სოსო ალავიძის დაჯილდოება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ რადგან სწორედ მისი მოღვაწეობის პირობებში პოლიციაში ყვაოდა კორუფცია, მექრთამეობა, სამართალდამცავი სისტემა ფაქტიურად შეზრდილი იყო ორგანიზებულ დანაშაულებრივ სამყაროსთან. თამაზ თამაზაშვილის თანამდებობაზე მუშაობის დროს კი არნახულ მასშტაბს მიაღწია ადამიანთა პანკისის ხეობაში გატაცებამ გამოსასყიდის მიღების მიზნით და ნარკოდანაშაულმა.
ამ პიროვნებების პოლიციის დღეზე გამოჩენა შეურაცხყოფს პატრიოტულად განწყობილი, კეთილსინდისიერი პოლიციელების ღირსებასა და მუნდირს ისევე როგორც დანაშაულთან ბრძოლისას დაღუპული პოლიციელების ხსოვნას. აგრეთვე გაუგებარია პოლიციის დღის 6 მაისიდან - აჭარის დედა სამშობლოსთან დაბრუნების თარიღიდან - დღევანდელ დღეს გადმოტანა.
ყოველივე ზემოთთქმული, შევარდნაძის პერიოდის არაერთი ჩინოსანის მასიური დაბრუნება როგორც შინაგან საქმეთა ასევე სხვა სამინისტროებსა და სტრუქტურებში, კრიმინალის არნახული ზრდა და ანტიეროვნული ძალების გააქტიურება ცხადჰყოფს რომ სახეზე გვაქვს შევარდნაძის პერიოდის რესტავრაციის ნათლად გამოხატული პროცესი.
მთლიანად ქვეყნის შეურაცხყოფაა როცა პარლამენტის ფაქტიური თავმჯდომარე და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი ინსტრუქტური გია ვოლსკი სამოქალაქო ომის ერთ-ერთი ინიციატორს, 1990-იანი წლების სისხლისღვრის ერთ-ერთ მთავარ ავტორის თენგიზ კიტოვანს ხოტბას ასხამს.
სიმბოლურია, რომ თენგიზ კიტოვანი დღეს ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ ერთ-ერთ მთავარ მედროშედ გვევლინება მაშინ, როცა საქართველოს 1990-იანი წლების ჭაობიდან გამოყვანის და სახელმწიფოებრიობის საფუძვლების ჩაყრის ავტორები დღეს შეთითხნილი ბრალდებებით ციხეში სხედან.