
გენერალი გოგი თათუხაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შვილის - საეჭვო ვითარებაში დაღუპული შალვა თათუხაშვილის მოსახსენებელ წერილს აქვეყნებს. გენერალი ასევე აცხადებს, რომ უახლოეს ხანში საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება.
"აფხაზეთის ხმა" გოგი თათუხაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„მოსახსენებელი წერილი შალვას!
მაპატიე, შვილო, რომ გაგზარდე მებრძოლი...
მაპატიე, შვილო, რომ გაგზარდე მოკრივე და საქართველოს სახელს იცავდი რინგზე...
მაპატიე, შვილო, რომ გაგზარდე მეომარი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე იდექი...
შენ, შენი შვილი, გიორგი უკვე გახადე მოკრივე. მე გავაგრძელებ შენს საქმეს, მასაც გავზრდი მებრძოლად და ამაში ვერც ერთი ძალა შემიშლის ხელს...
შვილო, არ დამიჯერე, როცა გითხარი 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში პრორუსული ძალა შემოდის, არც ,,წითლები,, ვართ, არც ,,ცისფრები,,, დროებით გავეცალოთ საქართველოს-მეთქი...
ხომ გითხარი, რომ ჩემგან დასჭირდებოდათ კომპრომატები სააკაშვილზე და ამ ინფორმაციების მოსაპოვებლად გაამწარებდნენ ჩემი ოჯახის წევრებს, თანამებრძოლებს...
ხომ გითხარი, რომ ახალ მთავრობაზე ყალბი ტერაქტის მოგონებისას პირველი კანდიდატურა ვიქნებოდი...
ხომ გითხარი შალვა, შვილებს და განსაკუთრებით შენ, იარაღად გიყენებენ ჩემს სამართავად-მეთქი...
ხომ გითხარი, რომ ჩემს სახლში იპოვიდნენ "წყალქვეშა ნავს" ან ერთ ტონა ნარკოტიკს...
ხომ გითხარი, კრემლისათვის და რუსეთის ხელდასმული მთავრობისათვის მიუღებელი ადამიანი ვარ - მეთქი. შენ კიდევ შენი მხრიდან ის ორი რუსი პოლკოვნიკიც დამიმატე - დაბადების დღეზე "საჩუქრად" მათი ქუდები მომიტანე...
გიყვებოდი, ზვიადის ჯარისკაცები, პირველი ,,ომონელები" როგორ გაგვხადეს ,,მოღალატეები" (1991 წლის 2 სექტემბერს გაგვიყვანეს კინოს სახლთან წინასწარ მომზადებულ პროვოკაციაზე და შეგვატოვეს რუსეთუმე, წითელი ინტელიგენციის მართულ გაავებულ ბრბოს. რის შემდეგ, ,,ჩვენი", - ,,ქვეყნის მტრების" სიები გამოაკრეს რუსთაველზე და საქმე აღძრეს პროკურატურაში...)
გითხარი შვილო, რომ, ოცი წლის მანძილზე საქართველოში პოლიტიკური დევნაა გამოცხადებული პატრიოტებზე, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებზე, ომის ვეტერანებზე. განსაკუთრებით, გენერლებზე და სპეცრაზმელებზე. ისტორიულად საქართველოში შლიან ყველა ბრძოლისუნარიან სამხედრო დანაყოფს, პირველ რიგში სპეცრაზმებს და ა.შ....
შენ მითხარი, მამი, შენ ამას გულით ამბობ? შენ არ გვასწავლე ეს ცხოვრება? რომ ცხოვრება კრივია, შეიძლება ერთი ნაბიჯით დაიხიო უკან, მაგრამ მეორე ნაბიჯსაც თუ დაიწევ, ეგრევე კონტრშეტევაზე უნდა გადახვიდე. ხომ გიპასუხე, შვილო, ეს რინგზე... და თუ რინგზე შენი ადგილი არ არის, ,,წითელი,, კუთხეც დაკავებულია და ,,ცისფერიც,,?! რა ჩხუბი უნდა შედგეს, რა თამაში მიდის შენ არ იცი. როცა გულშემატკივრობის სურვილიც კი არა გაქვს, უნდა გახვიდე დარბაზიდან და ახვიდე რინგზე, როცა შენი დრო მოვა. გამოცხადების გარეშე რინგზე ასულხარ როდესმე, შალვა?!
შენ თვითონ, შენი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ წააწყდი უსამართლობას, სასიკვდილოდ გამეტებას, ღალატს...
შალვა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ორჯერ გაგიყვანე საქართველოდან, დაბრუნდი...
არც მერე გამომყევი, ევროპიდან საბუთები გაგიკეთე, არ წამოხვედი...
შენს გატაცებამდე ჯერ ორი თვით, შემდეგ ორი კვირით ადრე გაგაფრთხილე, პროკურატურიდან მაქვს ინფორმაცია, შენზე მუშაობენ-მეთქი. ხომ გაგლანძღე, გეჩხუბე, რისი იმედი გაქვს, საქართველოს მთავრობამ უკვე აღიარა, რომ რუსეთს 2008- ში, საქართველოში, სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია. მომდევნო ის იქნება, რომ გადაგაყოლებენ ოპერაციას კოდორში-მეთქი...
იცოდი, რომ რუსეთისაგან შეკვეთილი ხარ. ამაზე ლიტვის ეროვნულმა გმირმა, პირველი თავდაცვის მინისტრმა პირადად გვითხრა, ჩეჩენმა ძმებმა და სხვებმაც გაგვაფრთხილეს... გარისკე და დარჩი. მერე კი გაიყოლიე მხოლოდ ორი ბებია? ....
მე ასე დავასკვენი, შენი გაუსვლელობა საქართველოდან პროტესტი იყო ჩემს წასვლაზე. შენ ბოლომდე ბრძოლისათვის გაგზრდე და ჩემი ცხრა წელს გაგრძელებული ტაიმაუტი და საზღვარგარეთ გარიდება არ მოგწონდა...
შენ მაბრუნებ საქართველოში!!!"