
საქართველოს თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ე.წ. ცოცხების კადრებს ცალკეული პირები და „ოცნების“ ლიდერები წელიწადნახევრის განმავლობაში ინახავდნენ, რითაც დანაშაულის თანამონაწილეები გახდნენ.
ამასთან, ბაჩო ახალაია მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება ცდილობს, საქართველო ტერორისტულ ქვეყნად წარმოაჩინოს:
„ხელისუფლება საკუთარ დაგებულ მახეში გაება. არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ საზოგადოებას სიცრუით კვებავდნენ, რომ ჩვენ მკვლელები, სადისტები, მოძალადეები ვართ.
ახლა ყველა ეს საქმე ჩამოეშალათ. სად არის გამოძიება რაფალიანცის საქმეზე, ან ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე?! არსებული ხელისუფლება ცდილობს საქართველო აგრესიულ ტერორისტულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს - ლაფანყურის ამბების ქოლგის ქვეშ განაცხადოს, რომ ჩვენ ვამზადებდით ტერორისტებს, ქართულ სპეცსამსახურებს დააბრალოს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტები...
ერთ-ერთ საქმეში პროკურატურას მტკიცებულებად ბაღაფშის რუსული სააგენტოსთვის მიცემული ინტერვიუ უდევს. ამის შემდეგ რაღაზე უნდა ვილაპარაკო?
რაც შეეხება ე.წ. „ცოცხების კადრებს“, ბედუკაძე, ინაშვილი და „ოცნების“ ლიდერები კადრებს წელიწადნახევარი ინახავდნენ.
ანუ, მათ იცოდნენ ამ მძიმე დანაშაულების შესახებ და არ გამოაშკარავეს, ვინაიდან კადრები არჩევნებამდე პოლიტიკური მიზნებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ფაქტობრივად, დანაშაულის თანამონაწილეები იყვნენ!“, – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ბაჩო ახალაია.