
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ
ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, ევროპარლამენტარებმა მოისმინეს მმართველი პარტიის
ხელმძღვანელების ხედვები მათთვის საინტერესო ყველა თემაზე.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე,
ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბევრი კითხვა დაისვა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან
გაკეთდა ახსნა-განმარტებები. მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს, თუ როგორი პოლიტიკური მდგომარეობაა
ქვეყანაში. რაც შეეხება არჩევნებს, ხაზი გავუსვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ,
მშვიდობიან გარემოში გამჭვირვალედ, რათა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს
შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში წარუდგინოს საკუთარი ხედვები მოსახლეობას და ჩაატაროს საარჩევნო
კამპანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.