
რუსთავი2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიიდან წასვლის შემდეგ ვიდეომიმართვა პირველად
გაავრცელა.
„რუსთავი 2“ იყო მხოლოდ იარაღი ჩვენ ხელში, იარაღი ქვეყნის დასაცავად. როცა გვართმევენ ერთ იარაღს, უნდა მოვიმარჯვოთ მეორე. საქმე მებრძოლებში და ბრძოლაშია და არა იარაღში, იარაღი მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ იარაღი შეცვლადია. ნებისმიერ ვითარებაში, როგორიც არ უნდა იყოს სიტუაციის სირთულე, აუცილებლად უნდა მოვიგონოთ სხვა იარაღი, რომელსაც მოვიმარჯვებთ, რომელსაც საქართველოს საქმეს მოვახმართ.
ეს მხოლოდ ჩვენი გონიერების, შრომის, მოხერხებულობის, თავდადებისა და თანმიმდევრულობის საქმეა. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მეც მაქვს და მგონია, რომ ეს ყველაფერი იმ ადამიანებსაც აქვთ, ვისიც მეიმედება ამ ბრძოლაში.
ვინ არიან ეს ადამიანები? ამაზე ჯერ არ ვილაპარაკებ. როგორი იქნება ეს იარაღი? ასევე არ ვილაპარაკებ ჯერ, მაგრამ იქნება ნიკა გვარამია, იქნებიან მისი მეგობრები, იქნება ახალი იარაღი და, მთავარია, იქნება ის იდეები, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებოდით და იქნება პროფესიონალიზმი, როგორითაც ჩვენ ამ იდეებს ვემსახურებოდით. ასე რომ, ყველაფერი წინაა. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. მოკლეს „რუსთავი 2“, მაგრამ არ მოუკლავთ ქვეყანა, არ მოვუკლივართ ჩვენ და ჩვენ მზად ვართ, ვემსახუროთ ჩვენ ქვეყანას“, - ამბობს გვარამია მიმართვაში.
18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია ჩაანაცვლა.