
20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ 4 პირი დააკავა.
ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
კერძოდ: 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია. 1979 წელს დაბადებული ვ. გ. ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცავებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
1996 წელს დაბადებული ი. მ. სამართალდამცველს ურტყამდა რეზინის ხელკეტს და შეკრებილებს მოუწოდებდა პოლიციელებზე თავდასხმისკენ. რაც შეეხება, 1997 წელს დაბადებულ მ. ფ. - ს, იგი მოქმედებდა განსაკუთრებული აგრესიით, პოლიციელებს ართმევდა დამცავ ფარებს და ფიზიკურ შეტევას ახორციელებდა მათზე.
აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დღეის მდგომარეობით პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესს ინტენსიურად აგრძელებს. მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას"- განაცხადა ბოცვაძემ.