-
2017-10-17 15:54
პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან უკრაინის რადის დეპუტატს ალექსანდრე გონჩარენკოს კიევის ცენტრში შეკრებილმა მომიტინგეებმა კვერცხები ესროლეს.
გონჩარენკო რადის შენობაში შესვლას აპირებდა, ამისთვის კი მომიტინგეებს შორის უნდა გაევლო, რა დროსაც მასთან რამდენიმე აქტივისტი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი თავზე კვერცხები დაახალა.
დეპუტატი აქტივისტებს პოლიციელებმა გაარიდეს.
კიევის ცენტრში "ახალ ძალთა გაერთიანების" მიტინგი-აქცია გრძელდება. რადასთან იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც კიეველებს მოუწოდა, მოითხოვონ პეტრო პოროშენკოს გადადგომა, თუ ის დემონსტრანტების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
თავდაპირველად გრუშევსკის ქუჩაზე და რადასთან მდებარე პარკთან პოლიციელთა დიდი რაოდენობა, დაახლოებით სამი ათასამდე იყო შეკრებილი, ამჟამად მათი რიცხვი შემცირებულია. თავად მომიტინგეები მთელ პერიმეტრზე არიან გაფანტული. გრუშევსკის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ საველე სამზარეულოც მიიტანეს.
კიევის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, კიევში მიტინგზე 4,5 ათასი ადამიანია გამოსული: "ჯერჯერობით ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს, დაკავებები არ ყოფილა. თუ ექსცესები იქნება, პოლიცია ადეკვატურად იმოქმედებს", - განაცხადა მან.