
კაპელანი იგორ პეტრენკო, რომელიც ადრე ატო-ს ზონაში მსახურობდა, შემდეგ კი ტყვედ ჰყავდათ ბოევიკებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ხერსონიდან პოლიციელებმა მოტყუებით გაიტაცეს.
იგორ პეტრენკო სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს, თითქოს მას ატო-ს ზონაში დაღუპული მებრძოლი უნდა ამოეცნო რამდენიმე ცხედრიდან, მოგვიანებით მასთან კავშირი გაწყდა, ცოტა ხანში კი მისი მანქანა იპოვეს, სადაც თავად მამა იგორი არ იჯდა.
ოჯახის წევრებმა და კაპელანის მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია ხერსონის პოლიციასთან, შემდეგ კი თვითმმართველობის ორგანოს შენობასთან მოაწყვეს, თუმცა, მალევე გახდა ცნობილი, რომ კაპელანი ხერსონის პოლიციას არ დაუკავებია. მამა იგორთან ერთად კიდევ ერთი პირი დააკავეს და როგორც ხერსონში მამა იგორის გულშემატკივრებმა დაადგინეს, ორივე ლვოვში გადაიყვანეს, 10 სექტემბერს მომხდარი გარღვევის ფაქტზე დაკითხვის მიზნით.
მამა იგორ პეტრენკომ 10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, "კრაკოვეცთან", მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ მიტინგზე განაცხადა, რომ "ქვეყანაში უპირველესი უკრაინის მოქალაქე უნდა იყოს", სააკაშვილის დაბლოკვის გადაწყვეტილება კი უკანონობად მიიჩნია. მამა იგორმა მიტინგზე "მამაო ჩვენოც" წაიკითხა.