
"მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პასპორტს ჩამოვართმევთ და უკან, პოლონეთში დავაბრუნებთ", - ამის შესახებ ცოტა ხნის უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ვასილ სერვატიუკმა, UMN (UkrMediaNetwork)-ს ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კანონი ითვალისწინებს ძალადაკარგული პასპორტის ჩამორთმევას, ამის შემდეგ კი შედგება დოკუმენტი ჩამორთმევის შესახებ, რასაც თან დაერთვება ფოტო. ამ დოკუმენტის საფუძველზე კი, სერვატიუკის თქმით, პოლონეთს საერთაშორისო შეთანხმებები ავალდებულებს, მიიღოს სააკაშვილი.
სერვატიუკის განცხადებით, ადვოკატებს შეეძლოთ გაეფორმებინათ საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელი დოკუმენტები, მაგრამ რა სახისაა ეს დოკუმენტები, არ დაუსახელებია: "ადვოკატებმა ყველაფერი იციან", - თქვა მან.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ შეუძლია პოლონეთს სააკაშვილის მიღება, ხოლო უკრაინას - არა, სერვატიუკმა უპასუხა: "იმიტომ, რომ არ არსებობს საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი".
ამავე დროს, პირდაპირ ჩართვაში, ამავე ეთერში უკრაინის რადის წევრმა ვიქტორ ჩუმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ვალდებულია, ქვეყანაში შეუშვას მიხეილ სააკაშვილი და საზღვარზე მას მისცეს მოქალაქეობის გარეშე მყოფი პირის დოკუმენტაცია.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის საზღვრისკენ უკვე გაემგზავრა. ის ველოსიპედით გადაადგილდება.