
პოლონეთ-უკრაინის საზღვრის კრაკოვეცის მონაკვეთთან მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე მოვლენები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან საინტერესოდ ვითარდება.
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გაერთიანების წევრებმა და მხარდამჭერებმა სასაზღვრო პუნქტთან ახლოს კარვების ბანაკი დასცეს და პარტიულ სიმბოლიკასთან ერთად, უკრაინის დროშაც ააფრიალეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ლვოვიდან "კრაკოვეცისკენ" ასამდე მანქანა დაიძრა, ხოლო კიევიდან დაძრული მანქანები ოთხკილომეტრიან კოლონად გაიწელა.
უკრაინაში მცხოვრები ქართველები სოციალურ ქსელებში ფოტოებს აქვეყნებენ და წერენ, რომ ხვალ, 10 სექტემბერს, კიევიდან ლვოვის მიმართულებით კიდევ უფრო დიდი კოლონა გავა.
ასევე უკრაინული მედიის ცნობით, საპირისპირო ზომების მიღებით ხელისუფლებაცაა დაკავებული. ასე მაგალითად, მათ "კრაკოვეცთან" გაგზავნეს "ტიტუშკებით" სავსე რამდენიმე მიკროავტობუსი, რომელში მსხდომთა განმარტებით, ლვოვში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, თუმცა, იქვე მყოფი დავით საყვარელიძის შეკითხვაზე, რა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, ვერ უპასუხეს. გავრცელებული ინფორმაციით, "კრაკოვეცში" კიევიდან დამატებით ჯავშანტექნიკაც გადაიგზავნა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს ბლოკირებული ჰყავთ ის მიკროავტობუსები, სადაც "ტიტუშკები" იმყოფებიან. დავით საყვარელიძის განცხადებით, ხელისუფლებამ სასაზღვრო პუნქტთან "ბანდიტები გაგზავნა".
ყველაფრის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებას არ ცვლის და აცხადებს, რომ 10 სექტემბერს "კრაკოვეცთან" მივა და უკრაინაში შევა. ის სროლას და არეულობას გამორიცხავს და ამბობს, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მისი 11 წლის ვაჟთან ერთად აპირებს მისვლას.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ადგილზე რჩებიან მთელი ღამის განმავლობაში. ადგილზე არიან ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.
უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ გუშინ განაცხადა, რომ სასაზღვრო სამსახური არ შეუშვებს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს, ხოლო უკრაინულ პასპორტს, როგორც ძალადაკარგულ დოკუმენტს, მას ჩამოართმევენ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კი, სწორედ უკრაინული პასპორტია მისი ერთადერთი ლეგალური დოკუმენტი, რადგან საქართველოში მართვის მოწმობის დაკარგვის შემდეგ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია, რითაც პირადობას დაადასტურებს. მისივე თქმით, აქამდე ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში უკრაინული პასპორტით გადაადგილდებოდა და არანაირი პრობლემა არ შექმნია.