
პოლიტოლოგი და ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის პარტნიორებმა ვაშინგტონში ის საქართველოს მიმართულებაზე გადმორთონ, რადგან "უკრაინაში ყველაფერი დალაგებული აქვთ და ფრონტის ხაზი გავლებულია".
გია ხუხაშვილის ინტერვიუ გაზეთ "ქრონიკა პლუსში" გამოქვეყნდა, სადაც ის, ასევე, ამბობს, რომ "მიხეილ სააკაშვილი "ბომჟად" კი არა, მსოფლიო მოქალაქედ იქცა" და რომ თუ ვინმე უწყობდა ხელს საქართველოს ხელისუფლებიდან უკრაინის მოქალაქეობის გარეშე სააკაშვილის დარჩენას, "მას პოლიტიკის არაფერი გაეგება".
"უკრაინულ პოლიტიკაში ინტეგრირებული სააკაშვილი, სადაც ის უკვე მარგინალიზებული იყო, ჩვენი ხელისუფლებისთვის საკმაოდ კომფორტული სიტუაცია გახლდათ ორი მიზეზის გამო. ერთი იმიტომ, რომ მისი მარგინალიზება ხდებოდა, რისი პოლიტიკური ინტერესიც ხელისუფლებას აქვს და მეორეც, უბრალოდ, ვერ იცლიდა საქართველოსთვის, იმდენად იყო ჩაფლული უკრაინულ ბაკქანალიაში.
სავსებით შესაძლებელია, მისმა პარტნიორებმა ვაშინგტონში ის გადმორთონ საქართველოზე, გააქტიურონ, დააბრუნონ ქართულ მიმართულებაზე, მისგან ერთგვარი გიულენის ქართული მოდელი შექმნან, რომელსაც ხელისუფლების ირიბი კონტროლისთვის გამოიყენებენ.
არ ვამბობ, რომ მისი პირდაპირი რეინტეგრაცია მოხდება, მაგრამ ის, როგორც ფაქტორი, ქართულ პოლიტიკაში, შეიძლება, დაბრუნდეს", - ამბობს გია ხუხაშვილი "ქრონიკა პლუსთან" საუბარში.