-
2017-09-08 23:11
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი დარია ჩიჟი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჟენევაში მიხეილ სააკაშვილი იგორ კოლომოისკის შეხვდა.
ინფორმაცია რუსულ, უკრაინულ და ქართულ მედიაში გავრცელდა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი ოლიგარქის შეხვედრა ჟენევის ერთერთ სასტუმროში შედგა.
იგორ კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორია. ის ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მისამართით კრიტიკული განცხადებებით. თავად მიხეილ სააკაშვილი კი დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორს კორუფციასა და ფულის გათეთრებაში სდებდა ბრალს.
პეტრო პოროშენკომ იგორ კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან 2015 წლის 24 მარტს გაათავისუფლა.
ივლისში იგორ კოლომოისკი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის რეპუტაციაზე სამარცხვინო ლაქაა. „მხოლოდ ისტორია შეაფასებს, იყო ის უკრაინისთვის დადებითი გმირი თუ არა. პირადად მე ვიტყვი, რომ მასთან ერთად მოსაწყენი არ იყო და, ვიმედოვნებ, არ იქნება“, - განაცხადა კოლომოისკიმ.