
"გვაქვს მითითება, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინული პასპორტი, რომელიც ძალადაკარგულად ითვლება, ამოვიღოთ იმ შემთხვევაში, თუ მისი მფლობელი მას საზღვარზე წარმოადგენს, თავად პიროვნება კი უკრაინაში არ შევუშვათ", - ამის შესახებ კიევში უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ განაცხადა.
მისი თქმით, სასაზღვრო სამსახური ვალდებულია, უკრაინის მოქალაქის ძალადაკარგული პასპორტი ამოიღოს, პასპორტის მფლობელი კი ქვეყანაში არ შეუშვას, რადგან მას არ ექნება ლეგალური დოკუმენტი, რაც საზღვრის გადაკვეთისთვისაა საჭირო.
ვასილ სერვატიუკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანება უკვე გამოცემულია და იქ გაწერილია ყველა პროცედურა, რაც კანონითაა გათვალისწინებული. მისივე თქმით, პასპორტის ამოღების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი შედგება, ჩამორთმეული პასპორტი კი საემიგრაციო სამსახურს გადაეცემა.
ამასთან, სერვატიუკმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ ისარგებლონ პუნქტ "კრაკოვეცით" 9-12 სექტემბერს, მოსალოდნელი არეულობების გამო. ცნობილი გახდა ასევე, რომ "კრაკოვეცზე" 10 სექტემბერს პრესის წარმომადგენელთა მუშაობა შეზღუდული იქნება:
"მედიის წარმომადგენლებს კომენტარების მიღება შეეძლებათ პუნქტის მიმდებარედ, კომუნიკაციისთვის საგანგებოდ გათვალისწინებულ ადგილას", - ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.
"კრაკოვეცი" უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, ლვოვის მხარეს მდებარეობს და სწორედ ამ პუნქტის გავლით უკრაინაში შესვლა დაანონსა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც მისი პარტიის წვერები აცხადებენ, "კრაკოვეცთან" დაახლოებით 3.000 მხოლოდ პარტიიდან შეიკრიბება. ელოდებიან სხვა მომხრეებსაც.
რაც შეეხება საქართველოს, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ხატია დეკანოიძე გაემგზავრა. როგორც პარტიაში აცხადებენ, უკრაინაში ჩასვლას პარტიიდან სხვა არვინ გეგმავს, თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, პარტიის წევრებმა გადაწყვეტილება შეცვალონ და უკრაინაში ჩავიდნენ.