
"საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს, მოსპეს და, სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე. მესამე პრეზიდენტს რუსი ოლიგარქი საქართველოში არ უშვებს. თუ ეს ორი ოლიგარქი (ივანიშვილი და პოროშენკო, -რედ. შენიშვნა) მოილაპარაკებს და შეასრულებს პუტინის გეგმას, მომიტაცებს უკრაინიდან და გადამცემენ ივანიშვილის პირად პატიმრად, მაშინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს: თქვენ მზად ხართ ასეთი სირცხვილისთვის? -
ეს შეკითხვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს "არჩევანის" ეთერში დაუსვა, რომლის სპეციალური გამოშვება 10 სექტემბერს უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნების გეგმის განხილვას მიეძღვნა.
"თუ ეს ორი ოლიგარქი მოილაპარაკებს და შეასრულებს პუტინის გეგმას, მომიტაცებს უკრაინიდან და გადამცემენ ივანიშვილის პირად პატიმრად, მაშინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს: თქვენ მზად ხართ ასეთი სირცხვილისთვის? თქვენ მზად ხართ ასეთი დამცირებისთვის?
თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ ყველა ნორმა ფეხქვეშ გაითელოს? თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ, პირდაპირ რომ ვთქვა, ქართული სახელმწიფოს შემქმნელი თქვენივე ცხოვრებაში გაანადგურონ საქართველოს ციხეში? მიიღეთ გადაწყვეტილება. მე ამისთვის მზად ვარ. მე თავი გადადებული მაქვს საქართველოსთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა, რომ მას ექსტრადირება საქართველოში არ აშინებს და ამის ივანიშვილს უნდა ეშინოდეს:
” უკრაინის კანონმდებლობით ექსტრადიციის პროცედურა ხანგრძლივია. მე არ მეშინია ამ პროცედურის, ეს უნდა აშინებდეს ივანიშვილს. ევროპაში მსგავს ბრალდებებზე ადამიანს კი არ აკავებენ - დადის ის სასამართლოში, აძლევს ჩვენებას და ბოლოს თუ რაღაც დაუმტკიცდა, სვამენ ციხეში.
ახლა მე რა უნდა დამიმტკიცდეს, რომ აქლემი არ ვარ და რომ არაფერი მომიპარავს?! ვისაც ოდნავი სინდისი მაინც აქვს საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ ერთი თეთრიც არ დამრჩა ჩემი პრეზიდენტობიდან.
ივანიშვილს სურდა გაეკეთებინა ის, რაც გაუკეთა ბაჩოს, ვანოს, რომ ჩავესვი ოთხ კვადრატულ მეტრ კამერაში და 4 წელი იქ ვყოფილიყავი, სანამ გაარკვევდნენ ვითომ პროკურორები და ვითომ მოსამართლეები, ჩემი კოსტუმების ბედს. ეს არის პუტინის დავალება”, - განცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პეტრო პოროშენკოზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა მას "ფულის კაცი" უწოდა და ივარაუდა, რომ სწორედ ფულის გამო შეუთანხმდა უკრაინის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს, როცა საქართველოში იყო ჩასული:
"პოროშენკო არის ფულის კაცი, არავის კაცი არ არის. თუ რუსეთში კეთდება ფული, რუსეთში აკეთებს, უკრაინაში ხომ აკეთებს და აკეთებს. საქართველოშიც, ალბათ, ფულზე მოელაპარაკა ივანიშვილს, დარწმუნებული ვარ. ფულის გარეშე არაფერს აკეთებს საერთოდ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, სიტუაცია არის ძალიან მარტივი. ამაში იყო ჩვენს შორის ფუნდამენტური განსხვავება.
მე ვიყავი ქვეყნის პრეზიდენტი 9 წელი და არა მხოლოდ მილიარდერი არ გავხდი, ერთი “კაპიკი” არ წამიღია და “კოსტუმებს” მედავებიან. ამას უნდა, რომ რამდენიმე მილიარდი დაამატოს, ისევე, როგორც ივანიშვილი აჯდება - მასობრივად შედის ბიზნესებში, ბანკების უმეტესი ნაწილი წაიღო, ხე-ტყე დიდი ხანია წაღებული აქვს, ურბანისტიკაში შედის. თავის საკუთრებად მიაჩნია ქვეყანა.
მე მიმაჩნდა, რომ რაც მქონდა უნდა გამეხადა და ქართველებისთვის ჩამეცვა, ამათ უნდათ ბოლო გახადონ უკრაინელებს და ქართველებს. ეს არის ჩვენს შორის პრინციპული განსხვავება. ჩემი „დრაივი“ სულ სხვა რაღაცაშია, ჩემი დანიშნულება სულ სხვა რამეა. ამიტომ ისინი შეეცდებიან ჩემს მოტაცებას, ჩატენვას, გადაყვანას, დაპატიმრებას და საბოლოო ჯამში განადგურებას, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს არის მათი გეგმა, მაგრამ მე არ დავიხევ უკან, მე უკან დასახევი არ მაქვს.
მე ვიცავ ჩემს პრინციპებს, ვდგავარ უკრაინელი ხალხის მხარეს, 10 სექტემბერს და ვარ ქართველი ხალხის განუყოფელი ნაწილი. თუ ქართველების ნაწილმა ვერ გაიგო, რა გავაკეთე მე საქართველოსთვის, გავა რამდენიმე წელი და გაიგებს, თუ ქართველები მზად არიან, რომ დაუშვან მათი ხელით ან იქ დასმული პროკურორების, მოსამართლეების, ვიღაცა არარაობების ხელით მათ თვალწინ, ქართული სახელმწიფოს შემქმნელის განადგურება რუსეთის გასახარებლად, ამასაც მივიღებ, რა ვქნა ასეთი ყოფილა ცხოვრება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.