-
2017-09-08 12:53
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 10 სექტემბერს უკრაინაში პოლონეთიდან შესვლას აპირებს, "არჩევანში" აცხადებს, რომ მისი უკრაინული პასპორტი გაუქმებულია და, ფაქტობრივად, არცერთი ქვეყნის ლეგალური დოკუმენტი აღარ აქვს, რადგან საქართველოში მართვის მოწმობაც დაკარგა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამჟამად უკრაინის პასპორტით გადაადგილდება, რომელიც, ფაქტობრივად, გაუქმებულია, მაგრამ ევროპაში მის მიმოსვლას ამის გამო არ აფერხებენ:
"ვარშავიდან როცა ბრიუსელში მოვფრინავდი და ავიაკომპანიის წარმომადგენელს პასპორტი მივაწოდე, არც დაუხედავს, გადმოხტა და ჩემთან ერთად სურათი გადაიღო", - გაიხსენა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში".
შეგახსენებთ, უკრაინის მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს 2017 წლის ივლისის ბოლოს ჩამოართვეს, როცა ის აშშ-ში იმყოფებოდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პირადად უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიღო და იგი უკანონოა, რის დადასტურებასაც სასამართლოში აპირებს და ამ მიზნით 10 სექტემბერს პოლონეთის მხრიდან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "კრაკოვეციდან" უკრაინაში შესვლას შეეცდება.
ამ განცხადებას დაემთხვა "კრაკოვეცის" სასაზღვრო პუნქტის უპრეცენდენტო გამაგრების პროცესი. უკრაინული მედია წერს, რომ იქ კიევიდან დამატებითი სასაზღვრო ძალები და ჯავშანტექნიკა გადაიყვანეს, ასევე, მიმდებარე ტერიტორიის გამაგრება დაიწყეს დამატებითი მესრებითა და მავთულხლართებით.