
"პატრიოტთა ალიანსი" დედაქალაქის მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილს ასახლებს და საარჩევნო კამპანიის პარალელურად, საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს.
ალიანსელები ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემა არასრულყოფილი და უვარგისია, ამიტომ მისი შეცლაა საჭირო:
"ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი სისტემა, პატრიარქმაც რომ მიიღოს მონაწილეობა, იმასაც კი ეტყვიან, ბოკერიამ შენზე მეტი ხმები მიიღო და გაჯობაო. ასეთი სისტემა გვაქვს ჩვენ, ამიტომ არჩევნებს, რომელიც ახლა გვაქვს, არ უნდა შეხედოთ როგორც მარტო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ამას უნდა შევხედოთ, როგორც არჩევნები ქალაქისა თუ სოფლის განვითარებისა და კეთილმოწყობის კუთხით. ჩვენ უნდა ვაქციოთ ეს პროცესი პოლიტიკურ პროცესად", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა.
მისივე თქმით, არჩევნები ჩაივლის მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, რომლის ორგანიზატორიც "პატრიოტთა ალიანსი" იქნება.
"საჭიროა ფიგურა, რომელმაც შეძლება, რომ პოლიტიკურ პროცესად აქციოს ეს არჩევნები და ასეთი ფიგურა არის ირმა ინაშვილი. ის იქნება ჩვენი კანდიდატი. ის არის მებრძოლი, ძალიან პრინციპული ადამიანი და ვფიქრობ, რომ სულ სხვა სულისკვეთებას შესძენს ამ არჩევნებს", - განაცხადა თარხან-მოურავმა.