
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და მესაზღვრეები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სპეცოპერაციის ფარგლებში მანქანების საბარგულში მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ შესაძლოა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი, უკრაინაში მოხვედრას სწორედ ამ გზით დააპირებდა.
ამის შესახებ "ფეისბუქზე" უმაღლესი რადის დეპუტატმა იური დერევიანკომ დაწერა და აღნიშნა, რომ კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტზე უკრაინელმა მესაზღვრეებმა და უშიშროების სამსახურმა ოპერაცია «Перехват» აამოქმედეს.
დეპუტატის თქმით, ოპერაციის მონაწილეები სააკაშვილს საბარგულებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებდნენ, რამაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან საცობი წარმოქმნა. დეპუტატმა პრეზიდენტ პოროშენკოს მოუწოდა, "შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქეების მასხრად აგდება".
შეგახსენებთ, 26 ივლისს უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა, ხოლო 5 აგვისტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვარშავაში ჩაფრინდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ვარშავის აჯანყების 73-ე წლისთავისადმი მიძრვნილ სამიტზე.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლონეთს უკვე მიმართა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, თუმცა, პოლონეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლის, სეიმის წევრისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის მალგოჟეტა გოშევსკას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ მიუმართავს პოლონეთის კომპეტენტური ორგანოებისთვის სააკაშვილის ექსტრადიციის თხოვნით.
მისივე თქმით, ასეთი მიმართვა რომც არსებობდეს, პოლონეთი მას არ დააკმაყოფილებს, რადგან "პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება, როგორც პოლონეთის და პოლონელების მეგობარი, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და მოქალაქეები მას ეპყრობიან იმ პატივით, რასაც იმსახურებს პოლიტიკოსი, რომელმაც არსებითი როლი ითამაშა პოლონეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში".