-
2017-07-19 11:07
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე მის წინააღმდეგ "ფეისბუქზე" ახალი ნეგატიური კამპანიის აგორებას ეხმიანება, რომელიც მის მიერ ცხინვალელ ჟურნალისტთან თემურ ცხურბათთან გადაღებულმა ფოტომ გამოიწვია.
ფოტო თავად თათია დოლიძემ გამოაქვეყნა, როცა გაეროს პროგრამის ფარგლებში ქართულ-ოსური დიალოგის მონაწილე იყო.
თათია დოლიძის კომპრომატად ცხურბათთან გადაღებული ფოტო იმიტომ მიიჩნიეს, რომ ცხურბათი ქართველტა წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების აქტიური მონაწილე იყო, თუმცა, ამჟამად ის ამბობს, რომ სიძულვილი არ ამოძრავებს და საჭიროა, მშვიდობაზე ფიქრი დავიწყოთ. ცხურბათი ცხინვალის რეგიონის რუსიფიკაციის აქტიური მოწინააღმდეგეა, რის გამოც დიდად არ სწყალობს ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლებაც:
"სიძულვილი არ მაქვს. სიძულვილი ომში გადმოვანთხიე. ყველა ომი საბოლოოდ მშვიდობით სრულდება და ვფიქრობ, აუცილებელია მშვიდობაზე დავიწყოთ საუბარი.
ბევრი არასწორად გამიგებს ოსეთში, მაგრამ ვიღებ პასუხისმგებლობას, ვუთხრა ქართულ და ოსურ საზოგადოებას, რომ საჭიროა უარი ვთქვათ სიძულვილზე და მშვიდობაზე დავიწყოთ საუბარი", - ამბობდა თემურ ცხურბათი "მაესტროს" რუბრიკაში "ერთი წუთი "მაესტროზე".
თათია დოლიძე ფოტოს გამოქვეყნებას და "ქართველი ხალხის მტერთან გადაღებული მეგობრული ფოტოების" თემას შემდეგნაირად გამოეხმაურა:
"ჩემი და ტიმურ ცხურბატის ფოტოს ავრცელებენ, ტექსტით, რომ მოღალატე ვარ, თითქოს ეს ფოტო თავად ჩემი გამოქვეყნებული არ იყოს ფბ-ზე.
სასაცილოა ეს ცილისწამება უკვე :)
რადგან გაინტერესებთ, გიპასუხებთ, რომ მე ვარ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "team of trust" . ტიმური არის ოსი, სურს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ნაბრძოლია ქართველების წინააღმდეგ, თუმცა დღეს ამბობს, რომ მას ომი არ უნდა და ნდობის აღდგენის პროცესშია ჩართული . იგი დღეს არის ახალგაზრდა ოსების დელეგაციის უფროსი.
თუ დაწვრილებით გაინტერესებთ ჩვენი ამ პროექტის შესახებ, ბმულსაც გაგიზიარებთ. სანამ რამეს იტყოდეთ, ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე. საჯაროა ხომ ეს ყველაფერი? დაინტერესდით და გაიგებთ რატომ ვიცნობ ტიმურს და რა ურთიერთობა მაქვს - უბრალოდ, არ გაწყობთ, რომ გაიგოთ, რომ ყველგან საქართველოს ინტერესებს ვიცავ და ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ. თქვენ ამის საპირისპირო ინფორმაცია გაწყობთ, მაგრამ თქვენდა საუბედუროდ, ასეთი არ არსებობს", - წერს თათია დოლიძე.
თემურ ცხურბათთან გადაღებული ფოტოს გამო ატეხილ აჟიოტაჟს ირაკლი კუპრაძეც გამოეხმაურა, რომელიც თემურ ცხურბათს პირადად იცნობს:
,,ქართული მარშის" ლიდერებმა გამოაქვეყნეს თათია დოლიძის ისედაც საჯარო ფოტო ერთ ცხინვალელ ადამიანთან, თემურ ცხურბათთან, რომელთან ფოტოს გადაღების გამოც რუსეთუმეობაში ადანაშაულებენ.
პასუხის ღირსადაც არ ჩავთვლიდი თემურ ცხურბათს პირადად რომ არ ვიცნობდე და არ ვიცოდე რა ადამიანია.
ეს არის რიგითი პატიოსანი მოქალაქე, ადგილობრივ საზოგადოებაში ავტორიტეტული ოსი, კარგი კაცი ცხინვალის რეგიონიდან. დღემდე იცავს ადგილობრივების ინტერესებს და მათ შორის რუსული გეგმების საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა კრიტიკულად არის განწყობილი ქართული მხარისადმიც, მაგრამ ის არის ლამის ერთადერთი გაბედული და ღირსეული ადამიანი, რომელიც ბედავს ჩვენთან პრობლემებზე ლაპარაკს და მისი გადაწყვეტის გზებს ეძებს. ეს ყველაფერი ისე, რომ არცერთ ადგილობრივ ხელისუფლებაში არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად შეეძლო.
2010 წელს ცხინვალში ქართულ-ოსური ფორუმის დაფუძნების გამო, თემურ ცხურბათი დეფაქტო პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა სასიკვდილოდ-სასტიკად სცემეს, სიკვდილს ძლივს გადარჩა და პარალელურად ოსი ხალხის მტრად გამოაცხადეს, ქართველებთან კონტაქტის და შერიგებაზე ლაპარაკის გამოისობით. ასეთ ადამიანზე მსგავსი კამპანიის აგორება არასწორია.
ისიც ძალიან კარგად მახსოვს 17 დღიან ქართულ-ოსურ შეხვედრაზე როგორ დაბლოკეს რუსულმა სპეცსამსახურებმა და ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მხოლოდ იმის გამო, რომ სახალხო პოზიციებიდან ლაპარაკობს და არა პროპაგანდისტული პოლიტ-იდეოლოგიით გაძეძგილი მანიფესტებით.
არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იკადრო, სირცხვილია უბრალოდ", - წერს კუპრაძე.