
კახეთში "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის" მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ტრენინგი გრძელდება - ამჯერად ტრენინგის მონაწილეებს იყალთომ უმასპინძლა.
ტრენინგში, საერთო ჯამში, 29 პოლიტიკური პარტიის წარგზავნილი 140 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. სემინარი სხვადასხვა კვალიფიციურ თუ არაკვალიფიციურ პოლიტიკური სუბიექტებს აერთიანებს.
იყალთოში გამართული ტრენინგების დროს მონაწილეებმა კონფლიქტური სიტუაციების მართვა გაიარეს, ასევე, გაეცნენ მედიის მუშაობის პრინციპებთან დაკავშირებულ საკითხებს. სემინარის მსვლელობისას ინტერაქტიული ეპიზოდებიც გათამაშდა, სადაც მონაწილეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
ტრენერი ლალი პეტრიაშვილი ამბობს, რომ მსგავს სემინარებზე პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენელთა აქტივობა, როგორც წესი, მაღალია და ეს ამ სემინარმაც დაადასტურა. ამასვე ამბობენ სემინარის მონაწილეები, რომელთა თქმით, ტრენინგების დროს მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ასევე, უშუალოდ, არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდშიც.
პროექტის მენეჯერი შმაგი ჩოხელი, რომელიც "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის" ხელმძღვანელია, ამბობს, რომ მსგავსი სემინარების გამართვა არამარტო საჭირო, აუცილებელიცაა.
სემინარის მონაწილეებს იყალთოში სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო ამ კვირის შუა რიცხვებიდან ტრენინგები უკვე ლაგოდეხში გაგრძელდება.
ტვ "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო გამოშვება "ნიუსვოისმა" ტრენინგებთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა: