-
2017-07-18 00:42
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვიზიტს ირონიით ეხმიანება და იმედოვნებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს თან მიაქვს პირსახოცი და საპონი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მის წინააღმდეგ სახელმწიფო თანხის გაფლანგვის ბრალდებით საქმე აღძრა, სადაც მესამე პრეზიდენტს ედავებიან, რომ მან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მეშვეობით, არამიზნობრივად რამდენჯერმე გახარჯა საბიუჯეტო თანხა.
საქმეში ფიგურირებს, მაგალითად, სანდრა რულოვსის მიერ სომხეთის პირველი ლედისთვის მისართმევად შეძენილი ორი თავშლის, პანაშვიდზე მისატანი თაიგულის, ასევე უკრაინის პრეზიდენტის იუშენკოს აბანოში ყოფნის ხარჯები.
"მე მახარებს, რომ პრეზიდენტი პოროშენკო, ბოლოს და ბოლოს წავიდა თბილისში ოფიციალური ვიზიტით. დღევანდელი ლიდერები როგორიც არ უნდა იყვნენე, ურთიერთობების განვითარება საჭიროა.
არ ვიცი, იცის თუ არა პეტრე ალექსის ძემ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრა, საზღვარგარეთელი სტუმრების მიღების ხარჯებთან დაკავშირებით და იქ სხვადასხვაგვარ ბრალდებებთან ერთად, ფიგურირებდა "ვიქტორ იუშენკოს აბანოთი მომსახურების 28 ევროც", ასე რომ, იმედი მაქვს, პრეზიდენტ პოროშენკოს კიევიდან საპონი და პირსახოცი მიაქვს - ნებისმიერი გართულების თავიდან ასაცილებლად", - წერს მიხეილ სააკაშვილი.