
"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყო - ბიძინა ივანიშვილი დღეს კახა კალაძის დედაქალაქის მერად წარდგენასაც არ დასწრებია.
ამასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრები ერთხმად აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ისედაც გასაგებია და იგი "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს.
პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის განმარტებით თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, რა ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა.
„თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე, კახი კალაძის მერობის კანდიდატად დასახელებას და ივანიშვილის მიერ აქტიური პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩენას აფასებს და აცხადებს, რომ კალაძის პოლიტიკური ავტორიტეტი დამყარებულია ივანიშვილის პოლიტიკურ რესურსზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში დამოუკიდებელი ლიდერი არ არსებობს და ივანიშვილის გავლენა ყოველთვის იქნება.
ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩაერთვება ივანიშვილი ოფიციალურად, თუ - არა წინასაარჩევნო კამპანიაში.
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, არმაზ ახვლედიანი, აცხადებს, რომ ივანიშვილი პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს და სწორედ ამიტომ არ ერთვება ოფიციალურად წინასაარჩევნო მარათონში, რადგან ამ ეტაპზე ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” წევრი, გუბაზ სანიკიძე, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან წინასაარჩევნო ეტაპში ჩართვისგან თავის შეკავებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესს ხელს შეუწყობს.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ივანიშვილის გავლენით მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს ერთადერთი აქტივი ოლიგარქის სახით ჰყავს.
„მათთვის არ არის მაინცდამაინც სასურველი, ამომრჩეველმა რომ დაიჯეროს, რასაც ისინი ამბობენ იმიტომ, რომ ამომრჩეველმა რომ დაიჯეროს, ბიძინა ივანიშვილი დისტანცირებულია „ქართული ოცნებიდან“, ამ პარტიიდან, ერთი კვირის განმავლობაში ყველა მოკურცხლავს და პირველი იქნება პრემიერმინისტრი,“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.