
"განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისთან, რომელიც წლების მანძილზე ჩემი გულშემატკივარი იყო, ჩემთან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას და მეფერებოდა გაჭირვების ჟამს, რომელმაც გულში ჩამიკრა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მთაწმინდის პარკში სიტყვით გამოსვლისას.
„თბილისი ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების ქალაქია, ჩვენი გამარჯვება ეკუთვნით მათ. მოწესრიგებული სოციალური ფონი და ეკოლოგია, ავტომობილების მოძრაობა , პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია -ჩვენი გამარჯვება იქნება.
ქაოტური მშენებლობების დარეგულირება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია- კონსერვაცია, მშნებელობის ხარისხის და უსაფრთხოების დაცვის სავალდებულო და აუცილებელი მოთხოვნა - ჩვენი გამარჯვება იქნება. თბილისს თავისი უნიკალური იერსახე, საუკუნოვანი ხიბლი დაუბრუნდება აუცილებლად“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მან მოუწოდა თბილისის მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, აქტიურად ჩაებან თბილისის დაგეგმარების პროცესში.
„მოგმართავთ ამ ქალაქის ყველა მცხოვრებს, მოდით, ერთად მოვიპოვოთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, მე თქვენი ძალა დავინახე 13 ივნისს სტიქიის შემდგომ დღეებში განსაკუთრებით, მე თქვენს ძალას ვხედავ თბილისურ ყოველდღიურობაში, იქნება ეს სხვა და სხვა აქტივობები, თუ უბრალოდ გართობა და დასვენება. გთხოვთ, აქტიურად ჩაებათ ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების, სტილის, იერსახის, დაგეგმარების პროცესში.
ეს რთულია, თუმცა ძალიან საინტერესოა, ზუსტად ახალგაზრდების ჟინის და აზარტის შესაფერისი საქმეა. დღემდე ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, დავით ნარმანიას, რომელიც დღეს აქ იმყოფება. არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, მაგრამ საზოგადოება ვითარდება და ჩვენც ბევრად უფრო მეტი გვინდა.
ჩვენ გვაქვს კარგი ბაზისი, კარგი სასტარტო პირობა, რათა გარდამტეხი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი ქალაქის სწორი და გააზრებული განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში, ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და ამ საზოგადოების ნაწილი ვარ მეც, ჩემი ოჯახით. ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ ყველამ ერთად და შედეგიც გვექნება ერთობლივი.
ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით -თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. თბილისი გახდება წარმატებული ქალაქი. ჩვენი გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
მერობის კანდიდატმა ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართულ ოცნებას“.
კახა კალაძე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.