
22 ივნისს აზერბაიჯანის სამართალდამცავების მიერ საზღვრის გადაკვეთისას ჟურნალისტ ქამრან მაჰმუდოვის დაკავებისა და საქართველოში გადასვლაზე უარის თქმის მიზეზი, სავარაუდოდ თბილისიდან გატაცებულ აფგან მუხტარლისთან მისი კავშირებია.
როგორც ირკვევა, ქამრან მაჰმუდოვი ადრეც სტუმრობდა თბილისს და ამ ქალაქში აფგან მუხტარლის ხვდებოდა, რაზეც თბილისში, ,,მშვიდობის ხიდზე,, გადაღებული ფოტოც მიუთითებს, სადაც ეს ორი პიროვნებაა გამოსახული.
გაურკვეველია ქამრან მაჰმუდოვი ამჯერად მეგობარ ადვოკატთან ერთად რა მისიით აპირებდა თბილისში ჩამოსვლას და უკავშირდებოდა თუ არა ის მუხტარლის გატაცების საქმეს. ამის შესახებ თვად ჟურნალისტიც, რომელიც ახლა ბაქოში იმყოფება, არ აკეთებს განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტი ქამრან მაჰმუდოვი, რომელიც მეგობარ ადვოკატ ჯავიდ რზაზადესთან ერთად თბილისში მოემგზავრებოდა, სასაზღვრო პუნქტზე პასპორტის შემოწმებისას გააჩერეს და გადასცეს ცვლის უფროსს.
აღნიშნული დილით, 04:37 საათზე მოხდა. დილის 05:00 საათისთვის ჟურნალისტი გაზახის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, საიდანაც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
მოგვიანებით თავად მაჰმუდოვმა გააკეთა განცხადება, რომ ის აპირებს მიმართოს აზერბაიჯანის სასამართლოს და გაარკვიოს თუ რატომ უკრძალავს მას ხელისუფლება ქვეყნის დატოვებას. მომხდარ ფაქტს ჟურნალისტი მის საქმიანობას უკავშირებს და ზეწოლად განიხილავს:
"ყველა შემთხვევაში, მომხდარი მასმედიაზე და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე ზეწოლაა" - აცხადებს მაჰმუდოვი.