-
2017-03-04 00:33
ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ განაცხადა. მან თანამშრომლებსა და მხარდამჭერებს ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიულოცა.
მისი თქმით, დოკუმენტში, რომელიც სტრასბურგიდან მიიღეს, წერია, რომ 8 მარტამდე, სანამ სასამართლო გაერკვევა დეტალებში, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეჩერებულია.
"რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილებაში ასევე ჩაწერილია, რომ ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ისეთი პროცესებისგან, რასაც შესაძლოა, არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მოჰყვეს. გენდირექტორის ამ განცხადებას იქ შეკრებილი თანამშრომლები ოვაციებით შეხვდნენ.
ნიკა გვარამიას განცხადებით ეს ახალი პარქტიკაა ევროსასამართლოს ისტორიაში და მსგავსი ბერკეტი სამართლებრივად წოდებულ დავაში მას არასდროს გამოუყენებია.
ნიკა გვარამიამ ახალი საპროტესტო აქციების დაწყება დაანონსა, რომელიც 12 მარტს, 14:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე დაიწყება. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ "რუსთავი-2" შეშფოთებით აღიქვამს ყველანაირ საუბრებსა და განცხადებებს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზალიბერალიზაციის პროცესის უკან შექცევის შესახებ.
სტრასბურგის ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეტალებზე საუბრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, მორიგე მოსამართლემ მიიღო.
ამერიკის იურისტთა ასოციაციის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში თინა ბურჯალიანი თეა წულუკიანის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება ევროსასამართლოში ერთპიროვნულად, მორიგე მოსამართლემ მიიღო. ბურჯალიანი წერს, რომ მოსამართლე, სინამდვილეში, სექციის ვიცეპრეზიდენტია.