-
2017-01-24 20:37
დღეს კიევში საქართველოს საელჩოსთან გია ცერცვაძის მხარდასაჭერი და ხელისუფლების კოლაბორაციონისტული პოზიციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.
აქციაზე მივიდნენ უკრაინაში მცხოვრები ქართველები, ასევე უკრაინელები და გია ცერვაძის უკრაინელი და ქართველი თანამებრძოლები.
აქიის მონაწილეებმა პეტიცია გადასცეს საქართველოს საელჩოს, სადაც ისინი ითხოვენ გია ცერცვაძის უფლებების დაცვას, რათა არ მოხდეს მისი გადაცემა რუსეთისათვის:
"სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს და მის ოჯახს, ასევე ყველა იმ ჯარისკაცს (ყოფილს თუ მოქმედს), რომელიც დღემდე აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში!
გიორგი ცერცვაძე არის აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ქართული შეიარაღებული ძალების ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც არ ეგუება რუსულ ოკუპაციას და დღემდე იბრძვის ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად!
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ დახურული არხებით აწვდის რუსეთს ქართული ჯარის ვიცე პოლკოვნიკის პირად მონაცემებს. ასეთი დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების და ჯარისკაცების მიმართ ნიშნავს კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გატარებას, რომელსაც არასდროს შევეპუებით!
მოვითხოვთ, რომ საქართველოს საელჩომ უკრაინაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და მიმართოს შუამდგომლობით და მოთხოვნით უკრაინის შესაბამის ორგანოებს, რათა არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში, ვინაიდან მის სიცოცხლეს ოკუპანტ ქვეყანაში საფრთხე ემუქრება და მთელი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას!", - აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.
