
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით, საქართველოს პარლამენტის წევრ დავით ბაქრაძეს პერსონალური დაცვა დაენიშნა. ინფორმაციას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დავით ბაქრაძის უსაფრთხოებას 2017 წლის 1 დეკემბრამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავს.
აღნიშნული განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, მთავრობამ 2016 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.
ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის წევრისთვის პერსონალური დაცვის დანიშვნას საფუძვლად დაედო არსებული მონაცემები, რომლის თანახმადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
საქართველოში მოქმედი კანონით, იმ პირებს შორის, ვისაც შეიძლება დაენიშნოს პერსონალური დაცვა, პარლამენტის თავმჯდომარეცაა, თუმცა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პერსონალური დაცვის დანიშვნის გადაწყვეტილებას ისევ მთავრობა იღებს და განკარგულებას გამოსცემს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა არსებობს მონაცემები, რომ პირს ან პირის ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.