
მსჯავრდებული პოლკოვნიკი რომან შამათავა მიმართვას ავრცელებს და ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, არ დაუშვან მტრისთვის ქართველი ჯარისკაცის გადაცემა.
"მე და ვიცე-პოლკოვნიკი ცერცვაძე, სხვა უამრავ ღირსეულ მებრძოლთან ერთად, ვიბრძოდით ყველგან, სადაც სამშობლოს საზღვრებს გვედავებოდნენ.
მე რომ დღეს პატიმარი არ ვიყო, ვიქნებოდი უკრაინაში. იქ,სადაც ჩემი ქვეყნის დამპყრობლის წინააღმდეგ ჩემი ძმები იბრძვიან.
რუსეთის ჩვენ არაფერი გვმართებს. მათ კი, ყველაზე ძვირფასი-აფხაზეთი და სამაჩაბლო მართებთ.
სანამ ცოცხლები ვართ, უფლება არ გვაქვს დავისვენოთ, სიკვდილამდე ფიცის ერთგულები ვრჩებით და მანამდე გვერქმევა მეომრები, სანამ სახლში: მე - გაგრაში და გია სოხუმში არ დავბრუნდებით.
ჩვენი სიცოცხლე საქართველოს ეკუთვნის და ეს დიდი პატივია. დღეს ორივე პატიმარი ვართ, თუმცა ორივეს მთავარ მიზნად ისევ საქართველოს დანაწევრებული სხეულის გამთლიანება და ჩვენი დევნილების შინ მშვიდობით დაბრუნება რჩება.
საქართველოს მთავრობას უფლება არ აქვს გაყიდოს ქვეყნისთვის თავდადებული ჯარისკაცის სიცოცხლე.
მჯერა ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს.
ქართველებო, არ დაუთმოთ ქართველი ჯარისკაცი მტერს! თქვენ ეს შეგიძლიათ!
მანამდე კი, ვიცე-პოლკოვნიკო, მიიღე ჩემი სამხედრო სალამი... წინ დიდი გამარჯვებისთვის, ამასაც გავუძლებთ!.."
შეგახსენებთ, უკრაინის ატო-ს ზონაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი წევრი, საქართველოსთვის ერთიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე 1992 წლიდან - ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ინტერპოლის ძებნილის სტატუსით, 15 იანვარს, კიევის აეროპორტში დააკავეს. რუსეტი მის ექსტრადირებას ითხოვს და 2003 წელს სოჭში მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს.
გიორგი ცერცვაძის ადვოკატი აცხადებს, რომ სინამდვილეში 2003 წლის კრიმინალური საქმე ფაბრიკაციაა, ხოლო რუსეთი გიორგი ცერცვაძეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და უკრაინაში, მოხალისის სტატუსით, ატო-ს ბრძოლებში მონაწილეობის გამო სდევნის.
ცერცვაძის ექსტრადირების საკითხი, შესაძლოა, 26 იანვარს, კიევის სააპელაციო სასამართლოში გადაწყდეს. საქართველოს მოქალაქე, უკრაინამ, შესაძლოა, რუსეთს არ გადასცეს, თუ ატო-ში მისი მონაწილეობა დადასტურდება.
გიორგი ცერცვაძის თემა საქართველოში აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ჯერ "ფეისბუქზე", ხოლო კვირას "პოსტსკროპტუმისთვის" ნოდარ მელაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, მონაცემების მიხედვით, რასაც ცერცვაძის უკრაინელი ადვოკატიც ადასტურებს, ქართულმა მხარემ რუსეთს მიაწოდა ყველა პერსონალური მონაცემი ცერცვაძის შესახებ, რაც მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ბაზაშია დაცული.
სოციალურ ქსელებში დაიგეგმა და სპონტანურად გაიმართა თბილისში, სხვადასხვა ადგილას გიორგი ცერცვაძის მხარდამჭერი აქციები, ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ ოპოზიციური პარტიები, დაგეგმილია საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ცერცვაძის თემას მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები გამოეხმაურნენ, რამაც საზოგადოების დიდ ნაწილში კიდევ უფრო მეტი პროტესტი გამოიწვია.