
თბილისის ყოფილი მერი, პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგი უგულავა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ოდესის გუბერნატორობის შეთავაზებაზე დათანხმება პოლიტიკურად წამგებიანი ნაბიჯი და "საპრეზიდენტო ცხოვრების სიმულაცია", ანუ "ის, რაც სააკაშვილს დააკლდა" იყო.
ამის შესახებ გიგი უგულავამ "არჩევანში" განაცხადა. მისი თქმით, სწორი იყო სააკაშვილის მხრიდან უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რეფორმების გატარებაში ჩაბმა, მაგრამ მისი აზრით, არასწორი იყო კიევიდან ოდესაში გადასვლა, რადგან ის დადგა უკრაინის მოქალაქეობის მიღების ვალდებულების წინაშე, ამან კი გამოიწვია საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.
"მართალია, პრეზიდენტს ამ დროსაც შეეძლო, ეთქვა მისთვის - კი ბატონო, მეორე ქვეყნის მოქალაქეობაზე შემოიტანე განაცხადი და დაგიკმაყოფილებ - მას ამის იმპერატიული უფლება ჰქონდა, მაგრამ არ გააკეთა. ამის შემდეგ ყველა საერთაშორისო მეგობარი მას ეუბნებოდა: შენ ხარ უკრაინის მოქალაქე, ამიტომ მე შენ საქართველოზე აღარ გელაპარაკები", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეობა ყველა მოქალაქისთვის საამაყოა და ის არ არის ფიქცია.