
„ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო არჩევნებამდე და ეს ყველაფერი, მინიმუმ, დამყარებული იყო არაგულწრფელობაზე“,
- განაცხადა გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაგალითად 2016 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ევროპული საქართველოს“ დარეგისტრირება დაასახელა, რომელიც ენმ-სთან ერთად ბლოკში გაერთიანდა და რის შესახებაც, მისი თქმით, თავად არაფერი იცოდა.
„მოდით, ვიკითხოთ, დაახლოებით 500 ათასი ამომრჩევლიდან, ვინც ხმა მისცა ენმ-ს, რამდენმა იცოდა, რომ ხმას აძლევდა „ევროპულ საქართველოს“, როგორც გამზადებულ, პარალელურ პლატფორმას? მე არ ვიცოდი, მაგალითად. მართალია, მე ხმას არ ვაძლევდი, მაგრამ ვტირაჟირებდი ნაციონალური მოძრაობას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა არ გამორიცხა, რომ ზოგიერთები პარტიიდან ფინანსური დაინტერესების გამო წავიდნენ, თუმცა, იქვე დაამატა, რომ ხელს ვერავის დაადებს: „სადაც ოლიგარქია, იქ ეს კითხვის ნიშანი რჩება და ეს ბუნებრივია. მე შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ადრინდელი გასვლა ენმ-დან დაკავშირებული იყო ფინანსებთან. ასე რომ, ეს კითხვის ნიშანი არსებობს“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაიხსენა მისი ადრინდელი შედარება, როცა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა და ახალი ქვეყნის შენება მატარებლით მგზავრობას შეადარა:
„მე დავპატიჟე ყველა ამ მატარებელზე და ზოგი ამ მგზავრობის დროს შუა გზაზე ჩავიდა. ზოგი ჩავიდა მშვიდად, ზოგი ჩავიდა ფურთხებით და გინებით, ზოგმა კი მატარებლის რელსებიდან გადაყვანა სცადა“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.