
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ "ეს ის მიხეილ სააკაშვილი აღარ არის, რომელიც ხალხს აერთიანებდა 2002 წელს". სააკაშვილზე საუბრისას მან განაცხადა, რომ პოლიტიკოსები მანქანებს ჰგვანან.
"ჩვენ, პოლიტიკოსები ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ. როდესაც მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო.
თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა მაინც გაწუხებს, შეიძლება მეორე გადაწყვეტილება მიიღო - ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში. ყველა პოლიტიკოსი ამ არჩევანის წინაშე ვართ. ჩვენ ჩვენი ქმედებებით ვაგებთ პასუხს იმ სიკეთეზე, რაც შეიძლება ხალხს მოვუტანოთ და იმ არასწორ ქმედებებზე, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას მოვუტანოთ", - განაცხადა მან ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, გიგი უგულავა მათ შორისაა, ვინც 12 იანვარს პარტია ყრილობამდე 8 დღით ადრე დატოვა. ეს გადაწყვეტილება 21-მა დეპუტატმა ენმ-დან, პოლიტსაბჭოს ნაწილმა, ასევე, ორგანიზაციათა უმცირესობამ მიიღო.