
პოლიტოლოგი დავით ბერიტაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობასთან დაკავშირებულ დისკუსიას ეხმიანება და დელეგატთა შერჩევის, მათი რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აყალიბებს.
"ყრილობაზე დაგეგმილია 7 ათასი დელეგატის დასწრება - 74 რაიონული ორგანიზაცია "მიშას ფრთიდან" და 38 ორგანიზაცია ანტიმიშისტურ, ანუ "ჩერგოისტების" მხრიდან. ყრილობის დელეგატების მასივს, ჯამში ქმნიან საქართველოს 112 რაიონის ენმ ორგანიზაციები.
7000 თუ გავყოფთ 112-ზე, მივიღებთ რომ საშუალოდ, თითო რაიონიდან ყრილობაზე მივლინებული იქნება პარტიის 64 წევრი. უმრავლესობა წარმოდგენილი იქნება 74x64=4446 დელეგატით, ხოლო ბოკერიას კონტროლირებადი, უმთავრესად "პარტაპარატჩიკებისგან" შემდგარი უმცირესობა, არ აღემატება 38X64=2432 დელეგატს.
სწორედ ამ სავალალო ციფრებმა მისცა სტიმული უმცირესობას, რომ გაეჩაღებინა გააფთრებული ბრძოლა პატარა, ორიათასიანი ყრილობის მოწვევისათვის, და კატეგორიულად მიუღებელად გამოეცხადა შვიდიათასიანი ყრილობა.
აქ თეთრის და შავის დანახვას აბანოც არ სჭირდება - კამერულ მიკროყრილობას, სადაც ყველა ჩაწყობილი "თავისიანია" - ადვილად მოიგებდა ბოკერია, ხოლო შვიდიათასიანი ყრილობის ჩატარება, რეალურად, დამთავრდება ბოკერიას პოლიტიკური დასამარებით და იგი, უპერსპექტიობისაგან, იძულებული გახდება საცხოვრებლად გადაბარგდეს სადმე სხვა ქვეყანაში, მაგალითად, უკრაინაში (თუ მას მიიჩნევენ, რომელიმე დარგის ძლიერ სპეციალისტად). ასეთ ფართო წარმომადგენლობით ყრილობაზე, მიშას 'გვერდზე გაწევის" ნაცვლად, ბოკერისტები თავად დაკარგავენ ადგილებს ენმ-ს პოლიტსაბჭოსა და სამდივნოში.
თურმე, ქართველებისთვის სკამი, თუნდაც უხელისუფლო პარტიაში, ბევრ რამეს ნიშნავს! ეს არის და ეს!..", - წერს დავით ბერიტაშვილი.