-
2017-01-07 01:55
პოლიტოლოგი, განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია წერს, რომ არავის, მათ შორის, არც თავად მოსდის თავში ის აზრი, რომ სასამართლომ გიგი უგულავას გათავისუფლების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა, მისი აზრით, იმის მიუხედავად, რა მოტივი ჰქონდა ხელისუფლებას, უგულავას გათავისუფლება მაინც კარგია და კიდევ უკეთესი იქნებოდა, ეს გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს შეხებოდა.
გია ნოდიას თქმით, ივანიშვილმა რაღაც გათვალა და ეს "რაღაც", შესაძლოა, ენმ-ში მიმდინარე განხეთქილებას ან უკავშირდებოდეს, ან არა:
"ძალიან კარგია, რომ გიგი უგულავა განთავისუფლდა. კიდევ უკეთესი იქნებოდა, ეს ყველა სხვა პოლიტპატიმარსაც შეხებოდა, მაგრამ გიგი რომ გაათავისუფლეს, მაინც კარგია. კარგია არა იმიტომ, რომ ის ვიღაცას ესიმპატიურება ან არ ესიმპატიურება, არამედ იმიტომ, რომ მისი ციხეში ჩასმის გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.
ცხადია, როგორც ციხეში ჩასმის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, ისეა გამოშვების გადაწყვეტილება. რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ? აბა, რა ვიცით. სავსებით შესაძლებელია, საერთაშორისო ზეწოლამ თავისი როლი ითამაშა, ხოლო ამერიკელი სენატორების ვიზიტი ბოლო წვეთი იყო. შეიძლება, ეს არ ყოფილა გადამწყვეტი.
ბიძინა ივანიშვილმა რაღაც გათვალა: შეიძლება, ეს გათვლა უკავშირდებოდეს ნაციონალებში მიმდინარე განხეთქილებას, შეიძლება - არა. ამაზე მარჩიელობას ვერავინ დაგვიშლის, მაგრამ დიდ აზრს ამაში ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მაინც ვერავინ ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებს. რაც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლების მოტივი, გიგი უგულავას განთავისუფლება მაინც კარგია.
მგონი არავის მოსდის თავში აზრად, რომ სასამართლომ მართლა დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება. არც მე. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამას შეჩვეული ვართ. ხოდა ვულოცავ გიგის, მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს!.." - წერს გია ნოდია.