
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი და პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური ადასტურებენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიის პროპორციული სიიდან კანდიდატთა ნაწილის ამოღების მოთხოვნით მიმართეს.
სერგო რატიანის წერილის საფუძველზე, სიიდან, სავარაუდოდ, ამოიღებენ ნინო კალანდაძეს, ეკა ხერხეულიძეს, ლევან ბეჟაშვილს, დავით კირკიტაძეს, ნუგზარ წიკლაურს, ირაკლი ნადირაძეს და ომარ მეგრელიძეს. "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, ცესკომ რეტიანის განაცხადი უკვე დაარეგისტრირა.
„ჩვენ ამოვიღეთ სიიდან ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს თვითგამოცხადებული ექვსეული. ფაქტობრივად, შექმნეს და გაყვეს პარტია შუაზე და არ მოვიდნენ პოლიტსაბჭოს სხდომაზე,“-აცხადებს სერგო რატიანი "რუსთავი2"-თან. აკაკი ბობოხიძისთვის კი ბუნებრივია ის, რომ სიიდან ამოიღონ ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შესვლის საწინააღმდეგო კამპანიას სათავეში ჩაუდგნენ: „თუ ეს ადამიანები არიან მიშა სააკაშვილის გუნდის წევრები, რომლებიც ანტისაპარლამენტო მოძრაობას ჩაუდგნენ სათავეში, არის ძალიან ცუდი,“ - აცხადებს ის.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცესკო სერგო რატიანის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მოთხოვნიდან სამი დღის ვადაში განცხადებაში მითითებული კანდიდატები ავტომატურად ამოვარდებიან სიიდან.
“საარჩევნო კოდექსის” 120-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, "არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან იხსნება ცესკოს განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის/საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში". თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება, აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
შეგახსენებთ, რომ ნინო კალანდაძე ენმ-ს პროპორციულ სიაში 29-ე, ომარ მეგრელიძე კი 30-ე იყვნენ. პროცედურის თანახმად, თუკი პარლამენტის წევრი ენმ-ელებიდან რომელიმე დატოვებს დეპუტატის მანდატს, დადგება მისი ჩანაცვლების საკითხი.
როგორც წესი, ასეთ დროს პარლამენტის უფლებამოსილებაშეწყვეტილ პირს ის ანაცვლებს, ვინც პროპორციულ სიაში მომდევნოა სიის მიხედვით პარლამენტში შესულთა შემდეგ, თუმცა, პრიორიტეტი პარტიის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას ენიჭება, ანუ, ლიდერშიპს შეუძლია ნუმერაციის გვერდის ავლით მოითხოვოს სიაში ნებისმიერ პოზიციაზე მყოფი პირის შეყვანა პარლამენტში. მას შემდეგ, რაც სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატი დატოვა, და ის საკანონმდებლო ორგანოში სიის 28-ე ნომერმა გიორგი ღვინიაშვილმა ჩაანაცვლა.
რაც შეეხება ეკა ხერხეულიძეს, ის სიაში 34-ე იყო, ხოლო ლევან ბეჟაშვილი, რომელიც მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი სიღნაღი-დედოფლისწყაროს რაიონში, სიაში 82-ე ნომერი გახლდათ (სიის 58-ე ნომრიდან ნუმერაცია პირობითია).