-
2017-01-06 21:22
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამუშაო საათების დასრულების მომიზეზებით არ გააკეთეს კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ენმ-ს აღმასრულებელი მდივნის მოთხოვნით საარჩევნო კომისიამ ენმ-ს პარტიულ სიაში ცვლილებები დაარეგისტრირა.
კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია თავად სერგო რატიანსაც. გავრცელებული ინფორმაციით, ენმ-ს პარტიული სიიდან, რომელიც უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ვადის სრული დაცვით გადაიგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სერგო რატიანის წერილის საფუძველზე, სავარაუდოდ, ამოიღებენ ნინო კალანდაძეს, ეკა ხერხეულიძეს, ლევან ბეჟაშვილს, დავით კირკიტაძეს, ნუგზარ წიკლაურს, ირაკლი ნადირაძეს და ომარ მეგრელიძეს. "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, ცესკომ რეტიანის განაცხადი უკვე დაარეგისტრირა.
ნინო კალანდაძე ენმ-ს პროპორციულ სიაში 29-ე, ომარ მეგრელიძე კი 30-ე იყვნენ.
პროცედურის თანახმად, თუკი პარლამენტის წევრი ენმ-ელებიდან რომელიმე დატოვებს დეპუტატის მანდატს, დადგება მისი ჩანაცვლების საკითხი.
როგორც წესი, ასეთ დროს პარლამენტის უფლებამოსილებაშეწყვეტილ პირს ის ანაცვლებს, ვინც პროპორციულ სიაში მომდევნოა სიის მიხედვით პარლამენტში შესულთა შემდეგ, თუმცა, პრიორიტეტი პარტიის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას ენიჭება, ანუ, ლიდერშიპს შეუძლია ნუმერაციის გვერდის ავლით მოითხოვოს სიაში ნებისმიერ პოზიციაზე მყოფი პირის შეყვანა პარლამენტში. მას შემდეგ, რაც სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატი დატოვა, და ის საკანონმდებლო ორგანოში სიის 28-ე ნომერმა გიორგი ღვინიაშვილმა ჩაანაცვლა.
რაც შეეხება ეკა ხერხეულიძეს, ის სიაში 34-ე იყო, ხოლო ლევან ბეჟაშვილი, რომელიც მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი სიღნაღი-დედოფლისწყაროს რაიონში, სიაში 82-ე ნომერი გახლდათ (სიის 58-ე ნომრიდან ნუმერაცია პირობითია).
სერგო რატიანის მიერ სიის ცვლილების მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ენმ-ს დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი:
"დღეს დილით, ნაციონალური მოძრაობის ყრილობამდე ჯერ კიდევ მოქმედმა აღმასრულებელმა მდივანმა შეიტანა ცესკოში მოთხოვნა ამოიღონ ჩემი თანამებრძოლების მნიშვნელოვანი ნაწილი საპარლამენტო სიიდან. ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა ჩვენი მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის და ძალიან ჰგავს ივანიშვილის სცენარის განხორციელებას. ივანიშვილის მთავარი მიზანია ჩემი ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან.
სამწუხაროა, რომ ეს კეთდება ჩვენი ყოფილი თანამოაზრეების მცირე ჯგუფის ხელით, დაჩქარებულად 20 იანვრის ყრილობის წინ, რომელიც დაადასტურებს პარტიის ერთიანობას და იმას, რომ ამ ერთ მუჭა ადამიანებს არ აქვთ მხარდაჭერა. მე არც მიზნების დამთხვევა მგონია შემთხვევითი და არც ამორალური და ძალიან უსამართლო განაცხადის შეტანის დღის შერჩევა.
მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა ჩემი პარტიიდან დისტანცირება, ხოლო პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა ჩავარდა, საქმე გვაქვს პარტიისთვის ზიანის მიყენების აშკარა მცდელობასთან. ნაციონალური მოძრაობა გამოვა ამ ყველაფრიდან გაძლიერებული და ერთიანი, როგორც არასდროს", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე".
სიის შეცვლის მოთხოვნას სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის, ენმ-ს წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.