
"არ ვიცი, რა ციფრებზე მელაპარაკებით, რადგან ეს ციფრები არ ასახავს რეალობას, ეს იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც ჩატარებულა საქართველოს არჩევნებში ოდესმე", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
"ახლა რომ იძახიან, ამერიკელები გვეუბნებიან, შედეგები უნდა აღიაროთო, რა, ჩვენ არ გვეუბნებოდნენ? რიჩარდ მაილსმა შეხვედრა მომაწყობინა ჯორბენაძესთან და გვეუბნებოდა - არ გვინდა ახლა არეულობა, გადაგიყვანთ მეორე ადგილზე. მე ვუთხარი: რას მეუბნებით? ჩვენ ვართ გამარჯვებული, მმართველმა პარტიამ აიღო მინიმუმ 21%, ჩვენ ავიღეთ 30%... მეგობრები მყავდა მაშინ თეთრ სახლში და დავრეკე, რას აკეთებს თქვენი ელჩი-მეთქი. რას ნიშნავს, უცხოელები გვეუბნებიან? იმ უცხოელებს მიუტანა ვინმემ ფაქტები?", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, პარტია (ენმ, - რედ.) არჩევნების გაყალბებას მომზადებული არ შეხვდა, რადგან თავი დაირწმუნეს, რომ გაყალბება არ მოხდებოდა, რომ არჩევნებს ვერ გააყალბებდნენ, ამასთან, ხელისუფლებამ იმდენი იძახა, ესენი რაღაცას აპირებენო, რომ ამათ მართლაც არაფერი არ დააპირეს. მისივე თქმით, როცა ამ თემაზე თანაპარტიელებს ესაუბრებოდა, მან პასუხად მიიღო: "ჩვენ ვაგებთ პასუხს".
"ვინც აიღო პასუხისმგებლობა, იმან პასუხი უნდა აგოს", - განაცხადა "არჩევანში" მიხეილ სააკაშვილმა:
"ახალი არაფერი არ გაუკეთებიათ, სომხური კარუსელი, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა. მათ მითხრეს ჩვენ ვართ ლიდერები, ვიცით და პასუხს ვაგებთო. ეს ბევრჯერ ითქვა, როცა ადამაინი იტყვის მე ვაგებ პასუხსო, უნდა აგოს პასუხი, ძალიან მარტივია. როგორ შეიძლება არ მივმხვდარიყავით, რომ ივანიშვილი გააყალბებდა? მან 2012-ში ჩაგვიტარა სპეცოპერაცია, 2016-ში რატომ არ ჩაატარებდა? ეს ლაპარაკი რომ არის - ოთხწლიანი, რვაწლიანი ციკლიო, რას იტყვის ივანიშვილი 10 წლის მერე? აჰ, უკაცრავად, ციკლმა მომიწია და უნდა წავიდეო? მე არ ვაწერ ხელს დამარცხებას და იმას, რომ უნდა შევეგუოთ ბედს", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ის რომ ადგილზე ყოფილიყო, გაყალბებისთვის მოემზადებოდა, მაგალითად, პირველ რიგში, კომისიაში შეიყვანდა ისეთ წევრებს, რომლებიც არ გაიყიდებოდნენ.