ბიბილაშვილი: ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილს სააკაშვილის გარეშეც დაამარცხებს, მიამიტია

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი "ქრონიკა+"-თან ინტერვიუში პერტიაში მიმდინარე პროცესებს ეხება. ის ერთერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ ენმ-ს პოლიტსაბჭოს ბოლო განცხადებას, სადაც გამიჯვნა-დაგმობაზე იყო აქცენტი გადატანილი, ხელი არ მოაწერა და ასევე საჯაროდ, თავისი ეს პოზიცია დაასაბუთა კიდეც.

 

 ზაზა ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ ენმ-ს ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ აქტიურად უნდა ემუშავა იმ სტიგმის ჩამორეცხვის მიზნით, რაც მას „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, პირველ რიგში კი, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიაკერა. რახან ასე არ მოხდა, მივიღეთ პოლიტიკური დუელი „უნიათოსა“ (ენმ-ს მიერ ხელისუფლებასთან მიმართებაში დამკვიდრებული სიტყვა) და „მოძალადეებს“ შორის, სადაც, რასაკვირველია, „უნიათოს“ უნდა გაემარჯვა და ასეც მოხდა.

 

ზაზა ბიბილაშვილს მიაჩნია, რომ ძველი სახეებისთვის გამიზული სტიგმა, რაზეც ენმ-მ, უმეტესწილად, თვალი დახუჭა, ახალ სახეებზეც გადავიდა, ხოლო პარტიის ყრილობისგან, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი, არა მექანიკურ ცვლილებებს, არამედ ფუნდამენტურ მსჯელობას მოელის იმაზე, თუ სად რა შეეშალა პარტიას და როგორ უნდა აღსრულდეს მთავარი მიზანი: ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის დამარცხება. 

 

მთავარი უნდა იყოს არა მმართველი ორგანოების წევრთა მექანიკური შეცვლა და ახალი წევრების არჩევა, არამედ კონცეპტუალურად იმის გააზრება, რა გზა გავიარეთ, რა მიგვაჩნია ჩვენს მიერ სწორედ გადადგმულ ნაბიჯად და რა მიგვაჩნია შეცდომად, რა უნდა გამოვასწოროთ როგორც ფორმის, ასევე შინაარსის მხრივ და როგორ გვესახება ივანიშვილის რეჟიმის დამთავრება საქართველოში, ვინაიდან ეს არის ის მიზანი, რომლის გარშემოც ამ ეტაპზე ვართ გაერთიანებული. 

 

სხვანაირად ეს იქნება მექანიკური პროცესი და მხოლოდ და მხოლოდ გაამყარებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ყრილობის ჩატარების ერთადერთი მიზანი არის სააკაშვილის ე.წ. ჩაჩოჩება, რისგანაც ვერავინ ვერ იხეირებს პროდასავლური ოპოზიციის ფლანგზე, სადაც დღეს, რეალურად, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაღა“ დარჩა";

 

"ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ დადგა ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგში ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი, რადგან ეს პოსტი კარგა ხანია ვაკანტურია, მაგრამ ჩვენ აქამდე არცერთხელ არ გაგვიგია, რომ თურმე ეს გვაზიანებდა ან რაიმეში გვიშლიდა ხელს, არასოდეს გაგვიგია, რომ გენერალური მდივნის პოსტის ვაკანტურობა იმ პირობებში, რომ ის ციხეში მყოფ ვანო მერაბიშვილს უჭირავს, რამეში გვიშლიდა ხელს.

 

მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნებზე ნახევარმა მილიონმა ადამიანმა, (ოფიციალურად და სინამდვილეში გაცილებით მეტმა) მისცა ხმა ნაციონალურ მოძრაობას, უცბად, საიდანღაც, ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, რაც ჩემთვის არც გონივრულია, არც ლოგიკური და არც რაიმე კონკრეტულ ლეგიტიმურ გარე მიზანს ემსახურება.";

 

"ამოცანა გვეკითხება: რა გზით უნდა მივაღწიოთ ივანიშვილის არაფორმალური რეჟიმის ჩამოშორებას? - ამას უკეთ შევძლებთ სააკაშვილთან ერთად თუ სააკაშვილის გარეშე?

 

კითხვა, ცხადია, რიტორიკულია. თუ ვინმე თვლის, რომ სააკაშვილის გარეშე ან სააკაშვილისთვის რაიმე ცერემონიალური როლის მინიჭებით შევძლებთ ამის გაკეთებას, ის, უკეთეს შემთხვევაში, უკიდურესად მიამიტია.

 

დღეს რეალურად ეს საკითხია დღის წესრიგში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უნდა მოხდეს იმის გააზრება, თუ რა შეგვეშალა. ჩემი აზრია და ყოველთვის გავიმეორებ - შეცდომა იყო ამ ხელისუფლებისთვის „უნიათო“-ს დარქმევა. აბსოლუტურად არ არიან უნიათოები იმ სფეროებში, რომელიც ივანიშვილისთვის არის მნიშვნელოვანი: რუსეთთან "დალაგება", ღირსების გაცვლა მწვანილში, უკრაინისთვის მხარდაჭერის არგამოცხადება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რეპრესიები, ციხეში ჩასმა, რუსთავი-2 ის ყოფილი მესაკუთრის იდუმალი „თვითმკვლელობა“ - ამ ყველაფრის უკან მდგომ პოლიტიკურ ძალას მე უნიათოს ვერ დავარქმევდი. ბოროტი? მოღალატე? - კი ბატონო, მაგრამ არა უნიათო.

 

ესენი უნიათოები მხოლოდ კარგი საქმის კეთებაში არიან - იმ საქმისა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს აწუხებთ, თორემ არა კორუფციაში, უკანონობაში, რუსებისთვის საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის მიწოდებაში და ა.შ. მათ შეირგეს უნიათოს სტიგმა, ჩვენ კი მკვლელებად მოგვიხსენიებდნენ - ბედუკაძის, რაფალიანცის, თათუხაშვილისა და კიწმარიშვილის შემოქმედი ძალა.

 

ჩემთვის სრულიად აუხსნელად, ოცნების მიერ გაჟღერებულ რუსულ პროპაგანდაზე ჩვენ, უბრალოდ, არ ვპასუხობდით და ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ბედუკაძით, რაფალიანცით და რომელმაც ქვეყანა მართა თათუხაშვილის, კიწმარიშვილის და სხვა ადამიანების ცხედრებზე გავლით, მივეცით უფლება და საშუალება, ჩვენთვის ეწოდებინა მკვლელები.

 

ესაა უდიდესი თავხედობა მათი მხრიდან და უდიდესი ჩავარდნა ჩვენი მხრიდან. ეს იყო იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ ომში ჩვენი ნებაყოფლობითი კაპიტულაცია, რაც ახლა მაინც უნდა გამოვასწოროთ.

 

მეორე, რაც ასევე უნდა გამოვასწოროთ, არის კამპანიის ემოციურობა. დღეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში - ისეთ რაციონალურ ქვეყანაშიც კი, როგორიც აშშ-ა, არჩევნებს იგებს ემოცია - ის მუხტი, რომლსაც შენ ქმნი ამომრჩეველში.

 

ჩემი მოკრძალებული აზრით, იმ წინასაარჩევნო მესიჯებმა, რომლებიც გვქონდა, აპრიორი გაგვწირა იმისთვის, რომ ჩვენ ემოციას ვერ შევქმნიდით. კი, ცხადია, ადამიანებს, სჭირდებათ პენსია და სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს არ არის ის, რაც აჩენს მუხტს და ემოციას, არაა ის, რაც იწვევს ადამიანებში ცვლილებების დაუყოვნებლივ განხორციელების მოთხოვნილებას. ასეთი თემა ბევრია და ჩვენ ამ თემებზე კაპიტალიზაცია ვერ თუ არ მოვახერხეთ".

 

"მექანიკურად კი არ უნდა შევცვალოთ ლიდერშიპი, არამედ უნდა გავიგოთ ამ ახალი ლიდერშიპისგან, ვინც არ უნდა იყოს ის, პასუხი კითხვაზე, როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რას გვთავაზობენ - მაგალითად, იმას, რომ 8-10 წლიანი ციკლი გავა, ივანიშვილის რეჟიმი ჩამოიშლება და ხელისუფლება თავისით ჩაგვივარდება კალთაში თუ ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ გარდა იმისა, რომ თუნდაც მწვავე ბრიფინგებით ვაკრიტიკოთ ეს ხელისუფლება".

 

"ენმ-ს რომ აქვს იმის ხედვა, შესაძლებლობა, კომპეტენცია, რომ შეცვალოს მოსახლეობის ცხოვრება უკეთესობისკენ, გაზარდოს ეკონომიკა, შექმნას სამუშაო ადგილები - ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, მათ შორის, არც პოლიტიკური ოპონენტები. რისი ეჭვიც აქვთ, ეს არის ის რუსული ნარატივი, რომ ეს ადამიანები მოვლენ და დაგიჭერენ, მოგკლავენ, გაგაუპატიურებენ. ამ „ლუბიანკის“ წიაღში შობილი ნარატივის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო.

 

სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ აი, მოდის თქვენთან ადამიანი, რომელსაც მიაწებეს მკვლელის სტიგმა და გეუბნებათ, რომ ხვალიდან მოგცემთ 50 ლარით მეტ პენსიას. ხომ ეტყვით, არ მინდა, ბატონო, შენი 50 ლარით მეტი პენსია, წადი, ჯერ აღიარე და მოინანიე, ან რამე გააკეთე... თუ დამნაშავე ხარ, მართლაც უნდა მოინანიო, ხოლო თუ დამნაშავე არ ხარ (ან იმის მეათედით ხარ დამნაშავე, რასაც გაბრალებენ), მაშინ საზოგადოებას სიმართლე უნდა დაანახო.

 

თუ თემას საერთოდ გავექეცით, ფაქტობრივად, ეს შეიძლება ბრალდების აღიარებად იქნას აღქმული, რაც, ცხადია, ასე არ არის. არადა, ფაქტია, რომ ამ თემებს გავურბივართ უკვე ოთხი წელია და ეს არის ძალიან წამგებიანი.

 

პრობლემა, ძალიან ხშირად, ის არის, რომ ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა, დანაშაული მართლაც ცაიდინეს, დღეს გადასული არიან ქართულ ოცნებაში და აგრძელებენ უარესი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ეს სტიგმა გადასულია ნაციონალური მოძრაობის ახალ სახეებზე, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ არც იმ „ცხრა წელთან“ და არც იმ ქმედებებთან, რასაც რუსული ოცნება აბრალებს ნაციონალურ მოძრაობას.

 

აქედან გამომდინარე, ამ სტიგმის ჩამორეცხვა აუცილებელიცაა და შესაძლებელიც. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც ადვოკატმა, უამრავი საქმე ვნახე როგორც კერძო პირებსა და სახელმწიფოს შორის დავების, ასევე, კომპანიებს შორის დავებისა, სადაც კარდინალურად განსხვავებული სურათი იყო, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენენ. ანუ ადამიანები, ვინც იყვნენ უშუალო ავტორები, მონაწილეები ან ბენეფიციარები იყვნენ ამა თუ იმ ქმედებისა, დღეს იმ „ცხრა წლის უკანონობაზე“ მესამე პირში წუწუნებენ.

 

თუ ეს არ ვთქვით, თუ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით, ჩვენ გავაგრძელებთ დღევანდელ აბსურდში ცხოვრებას - შეიძლება მართლა 2030 წლამდე - და ეს გვინდა? 2030 წლამდე ამ ქვეყანაში წესიერი ადამიანი ან აღარ დარჩება, ან, თუ დარჩება, სიბნელისა და უიმედობის ჭაობში იქნება ბოლომდე ჩაფლული.

 

მიმაჩნია, რომ პარტიის გაყოფა არ უნდა მოხდეს, რადგან ეს ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს. მაგრამ პარტიის გაყოფაზე საუბარიც ისევე ხელოვნურია, როგორც, მაგალითად, ახალი თავმჯდომარის არჩევის თემაზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. უბრალოდ, როგორც უკვე ითქვა მედიაში, არსებობს ერთი-ორი „ახირებული პერსონაჟი“, რომელსაც, როგორც ჩანს, თვითმიზნად აქვს ქცეული, რომ პარტიის მთავარი საარჩევნო კაპიტალი გაწიოს პარტიიდან, რაც კატასტროფულად აისახება პარტიაზე და იქნება იმის გარანტი, რომ ნაციონალური მოძრაობა შეავსებს რესპუბლიკური პარტიის მიერ გამოთავისუფლებულ პოლიტიკურ ნიშას. ეს გვინდა? მე მგონი, არა..."

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !