„დაგმე მიშას“ თავსმოხვეული პარადიგმა - ჩიორა თაქთაქიშვილი ენმ-ს ლიდერშიპს აკრიტიკებს

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი სახე და პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ეხმიანება გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს მიხეილ სააკაშვილი პარტიაში ხელისუფლებას ებღაუჭება და წერს, რომ თავის დროზე პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილებათა შეკვეცას სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაუჭირა მხარი და ის სწორედ ასეთ, სიმბოლურ თანამდებობაზე აირჩიეს. 

 

ენმ-ში მიმდინარე პროცესებს ჩიორა თაქთაქიშვილი "დაგმე მიშას" თავსმოხვეულ პარადიგმას" უწოდებს და წერს, რომ სწორედ ახლა, ამ უმნიშვნელოვანეს დებატებში უნდა დაიბადოს ხელახლა ნაციონალური მოძრაობა, როგორც დემოკრატიული, დასავლური პარტია. მისივე თქმით, სწორედ ამ დებატებში და პროცესში უნდა დაიბადონ ახალი ლიდერებიც, რომლებიც "დაგმე მიშას" პარადიგმაში არ გაიჭედებიან.

 

გავრცელებულია მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ებღაუჭება პარტიაში, რომ ახლა დადგა 1-2 ადამიანის დრო, რომ მათ მიშასგან სრულიად დამოუკიდებლად მართონ პარტია. მოვისმინეთ მოსაზრებაც, რომ დევნილობაში მყოფი პარტიის თავმჯდომარე საერთოდ უნდა გამოეთიშოს პარტიულ საქმიანობას და პოლიტსაბჭოს საერთო გადაწყვეტილებით თავმჯდომარის ვაკანტურად დატოვებული თანამდებობაც რომელიმე სხვა პოლიტიკოსმა უნდა დაიკავოს.

 

დაისახა პრობლემაც, რომ რეალური, საქართველოში მყოფი ლიდერი გვჭირდება და თუ ახალ თავმჯდომარეს არ ავირჩევთ, პარტია ვერ იფუნქციონირებს. ვინც ამის საწინააღმდეგო რამ არგუმენტი გამოთქვა, მათ კერპთაყვანისმცემლებიც უწოდეს. იქამდეც მივედით, რომ პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ დემოკრატიული პარტიების ისტორიაში უპრეცედენტო განცხადებას უყარა კენჭი და პარტია საკუთარი მხარდამჭერების დიდ ნაწილს გაემიჯნა. 

 

არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს

 

მთელი ეს დღეები ჩვენი მხარდამჭერები ღელავდნენ, მიგვითითებდნენ და სამართლიანადაც მოგვიწოდებდნენ გონიერებისკენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ახლა პარტიამ მიხეილ სააკაშვილი გადაირჩიოს, რომ ამით მხოლოდ ივანიშვილი და პუტინი იხეირებენ, რომ ასეთი საქციელი ამორალურიც კია, არათუ პრაგმატულად მიუღებელი, რომ მიშას მისმა თანაგუნდელებმა უღალატეს. ეს ხალხი ახალი თავმჯდომარის არჩევის მოსურნეებმა კერპთაყვანისმცემლებად მონათლეს და თქვეს, პარტიას ახალი ლიდერი სჭირდება, რომელიც საქართველოშია და რეალურად გაუძღვება პარტიის საქმიანობასო. 

 

მხარდამჭერები ან მართალი არიან, ან ცდებიან, ჩვენ მათ ვენდობით, ვეთანხმებით, ან არა, თუმცა ფაქტები თავისთავად არსებობს და ისინი ჯერ უნდა ვიცოდეთ, რომ მერე შევაფასოთ. 

 

პრობლემა ისაა, რომ ეს ფაქტები პარტიის ლიდერებმა იციან, მაგრამ მსჯელობენ არა ფაქტებზე, არამედ იმაზე, ვინც მხარდამჭერთა მოსაზრებებს ვიზიარებთ, კერპთაყვანისმცემლები ვართ თუ არა და ვაღიარებთ თუ არა შიდადემოკრატიულ პროცესებს.

 

ფაქტი კი ისაა, რომ ჩვენს საიტზე, უნმ.გე-ზე საერთოდ ვერ იხილავთ პარტიის თავმჯდომარის შესახებ გრაფას განყოფილებაში „ჩვენს შესახებ“, სადაც მართვის ორგანოებზეა ინფორმაცია მოცემული. პოლიტსაბჭოს, გენერალური მდივნის, სამდივნოს შესახებ ინფორმაცია, მართალია, მოძველებულია, თუმცა სტრუქტურულად მოწოდებული მაინც არის. ამ განყოფილებაში იმასაც კი ვერ ამოიკითხავთ, რომ პარტიის თავმჯდომარე დევნილია და ეს პოსტი შეგნებულად არის ვაკანტურად დატოვებული. ყველაზე ცუდი ისაა, რომ არც პარტიის წესდება მოიძებნება საჯარო სივრცეში, პარტიის ვებ-გვერდზეც კი. დემოკრატიული პროცესის ავანგარდში მყოფ პარტიას ეს არ ეპატიება.

 

ნათელია, რომ გაურკვევლობა ამ საკითხზე აიოლებს იმ გამიზნული ტყუილის შესაღებას საზოგადოებისთვის, რომ მიშა ძალაუფლებას ებჭაუჭება საქართველოში, დამარცხებული, უფულო პარტიის თავმჯდომარის პოსტის შენარჩუნებით!!!!! ხოლო პარტიას დღეს დემოკრატები მართავენ.

 

ჯერ კიდევ, 2013 წლის 5 ოქტომბერს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოქმედი პრეზიდენტი იყო და მალე უნდა დაეტოვებინა ეს თანამდებობა, როდესაც ივანიშვილი უკვე ემუქრებოდა მას დაჭერით, სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ ყველამ ერთხმად, რომ უნდა შეგვეცვალა პარტიის მართვის სტილი. პარტიის მმართველ რგოლად 5-კაციანი პოლიტსაბჭოს ნაცვლად, რომელიც წინა წლების განმავლობაში სრულიად გაუმჭვირვალედ იღებდა გადაწყვეტილებებს, პარტიის წევრების მონაწილეობით უნდა აგვერჩია უფრო ფართო შემადგენლობის პოლიტიკური საბჭო. 

 

დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენთაგანმა არც იცის, რომ სწორედ ამავე ყრილობაზე შეიკვეცა პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილებები და ეს თანამდებობა მხოლოდ წარმომადგენლობით, რეგალიურ, სიმბოლურ თანამდებობად გადაიქცა. მიხეილ სააკაშვილი პარტიის ყრილობამ სწორედ ასეთ თანამდებობაზე აირჩია პარტიის თავმჯდომარედ. თან ეს იმ პირობებში, როდესაც იმავე ყრილობაზე წესდებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარტიის თავმჯდომარის სხვა ლიდერებისგან განსხავებული პოზიცია არ აფერხებს არცერთი გადაწყვეტილების მიღებას პარტიის სხვა ორგანოებში, აბსოლუტურად იგივე ფუნქციები დუბლირებული აქვს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, მათ შორის წარმომადგენლობითი ფუნქცია, პარტიის თავმჯდომარე ვერ შეაფერხებს ვერც ყრილობის, ვერც პოლიტსაბჭოს მოწვევას", - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

 

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ არ არსებობს არცერთი პარტიული საქმიანობა და მიმართულება, რომლის შეფერხება შეეძლება თავმჯდომარეს:

 

არ არსებობს ამ წესდებაში არცერთი პუნქტი, პარტიული საქმიანობის არცერთი მიმართულება, რომლის შეფერხებაც პარტიის თავმჯდომარეს შეუძლია. შეგიძლიათ თავად იხილოთ, თუ რამდენადაა დუბლირებული პოლიტსაბჭოს და პარტიის თავმჯდომარის ფუნქციები:

 

„6.2. გაერთიანების (პარტიის)თავმჯდომარე:

 

გაერთიანების თავმჯდომარე პროგრამის, წესდებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე:

 

6.3.1 წარმოადგენს გაერთიანებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;

 

6.2.2 გაერთიანების სახელით ხელს აწერს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებებს, გარდა გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხებისა;

 

6.2.3. გაერთიანების სახელით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და მიმართვებს.

 

6.2.4 ახორციელებს ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

6.3. გაერთიანების (პარტიის) პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.

 

გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე პროგრამის, წესდებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე:

 

6.3.1 წარმოადგენს გაერთიანებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;

 

6.3.2 გაერთიანების სახელით ხელს აწერს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებებს;

 

6.3.3. გაერთიანების სახელით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და მიმართვებს.

 

6.3.4 ახორციელებს ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“

 

ეს არის რეალური მიზეზი იმისა, რომ დიდად არც არავის გაუგია, რა შეიცვალა პარტიის მართვის კუთხით მას შემდეგ, რაც მიშას მოქალაქეობა ჩამოერთვა და თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ის ვეღარ დაიკავებდა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. ამის გამოა, რომ პარტიას დღემდე არავითარი ფუნქციური, ქმედითი პრობლემა არ შექმნია 2015 წლის 5 დეკემბრის პოლიტსაბჭოს იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურად დავტოვეთ. 

 

ამ ინფორმაციის გასაჯაროებით, რომელიც თითქოს მიზანმიმართულად იჩქმალება ახალი თავმჯდომარის არჩევის მსურველთა მიერ, სრულიად უსუსური ხდება წამოყენებული არგუმენტი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომავალი ბრძოლისუნარიობა ივანიშვილის რეპრესიულ რეჟიმთან ბრძოლაში, მისი, როგორც დემოკრატიული პარტიის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, ავირჩევთ თუ არა ახლა პარტიის ახალ თავმჯდომარეს.

 

მაშ რაშია საქმე?

 

ბელადი, კერპთაყვანისმცემლები VS დემოკრატები, თავისუფალი ადამიანები

 

სააკაშვილის სურვილი რომ პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ პარტიის ერთპიროვნული კონტროლი ყოფილიყო, როგორ გგონიათ, მაშინ როდესაც პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ფიზიკურად საქართველოში იყო, პირადი კონტაქტი ქონდა ყველა ლიდერთან, პარტიული ორგანიზაციის რეგიონულ ხელმძღვანელებთან, ქონდა პარტიის რესურსებზე სრული წვდომა და რაც მთავარია, პარტიის წევრების უპირობო მხარდაჭერა, როგორ გგონიათ, ადვილად დათმობდა უფლებამოსილებების შეკვეცას და რეალური ძალაუფლების „ჩამორთმევას“? როგორ გამოდის? თან „ბელადია, რომელსაც კერპთაყვანისმცემლები უპირობოდ უჭერენ მხარს“ და თან 1-2-მა ადამიანმა აიძულა პარტიის შიგნით, უბრძოლველად დაეთმო ძალაუფლება?!

 

სააკაშვილის ერთი სიტყვაც კი საკმარისი იქნებოდა 2013 წლის 5 ოქტომბრის ყრილობაზე, რომელსაც ის თავადაც ესწრებოდა, რომ წესდებაში ასეთი ცვლილებები არ შესულიყო და მას რეალური ძალაუფლება და არა უბრალოდ სიმბოლური თანამდებობა შეენარჩუნებინა პარტიაში. რატომ არ მოხდა ასე? ესეიგი, ან ბელადია და კერპთაყვანისმცემლების ხარჯზე ინარჩუნებს უპირობო ძალაუფლებას ყოველთვის, როცა მას ეს მოესურვება, ან ეს ყველაფერი უბრალოდ ტყუილია და არავითარ ძალაუფლებას არ ებღაუჭებოდა. ეს ორი ერთად უბრალოდ ვერ შეთავსდება.

 

სინამდვილეში ყრილობამდე მიხეილ სააკაშვილის მთავარი ინიციატივა იყო არა თავმჯდომარისთვის მმართველობითი ფუნქციების და სრული ძალაუფლების შენარჩუნება პარტიაში, არამედ, პირიქით, 5-კაციანი პოლიტსაბჭოს კიდევ უფრო მეტად გაფართოება. მე, პარლამენტის წევრსაც კი არასოდეს მქონდა ინფორმაცია 2008-2012 წლებში ამ 5-კაციანი პოლიტსაბჭოს საქმიანობაზე, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 

 

მიხეილ სააკაშვილის ხედვა 2013 წელს იყო, რომ ეს უნდა დასრულებულიყო. პოლიტსაბჭოს სხდომები უნდა ყოფილიყო უფრო ღია და განსხვავებულ მოსაზრებებზე დისკუსიის ადგილი, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს უნდა ქონოდათ სრული ინფორმაცია პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და იქ არსებულ არგუმენტებზე, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებები ჩვენს მხარდამჭერებს, პარტიის წევრებს ღიად, ყრილობის ფორმატში მიეღოთ. 

 

დღევანდელი გადმოსახედიდან, წესდებაში ამ ცვლილების და ფართო შემადგენლობის პოლიტსაბჭოს დამსახურებაა ის, რომ დღეს საზოგადოებამ, ჩვენმა წევრებმა და მხარდამჭერებმა მართლაც გაცილებით უფრო მეტი იციან პარტიის მართვის სტილზე, პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, პოლიტსაბჭოს თითოეული წევრის მიერ დაკავებულ პოზიციებზე, თუნდაც, პარტიის ხელმძღვანელების მიერ დაშვებულ მცდარ გადაწყვეტილებებზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს იყო ეს შესაძლებელი პარტიაში.

 

რატომ ვერ ვვითართებით, როგორც პარტია, რატომ ვერ მივდივართ წინ?

 

დახურულობა, კულუარულობა, საიდუმლოობა, გადაწყვეტილებების მიღების ვიწრო წრეში ჩაკეტვა შეუთავსებელია ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობასთან. ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს თავისუფლება, დემოკრატია, ევროპა.

 

დღეს პარტიაში რეალური პრობლემა სწორედ ამ ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობაა, დაშვებულ შეცდომებზე კრიტიკის მოსმენის მიუღებლობაა იმ ადამიანების მიერ, ვინც 2013 წლიდან მოყოლებული მართავდნენ პარტიას და არ იზიარებდნენ მხარდამჭერების, პოლიტსაბჭოს სხვა წევრების განსხვავებულ ხედვას და კრიტიკას. პირიქით, პოლიტსაბჭოს შიგნით გამოთქმული ეს კრიტიკა, პირადად ჩემს მაგალითზეც ვიტყვი, ეჯახებოდა არა საპირისპირო არგუმენტებს, არა დარწმუნების მცდელობას, რომ მე ვცდები და ისინი მართალი არიან, არამედ კედელს, ჩვენ მაინც ასე გავაკეთებთ, „ჩვენ უკეთ ვიცით, თქვენ, სხვებმა არ იცით“. სიამოვნებით მოგიყვებით დეტალებს რადგან ეს თავისთავად საინტერესო და არანაკლებ პრობლემური საკითხია, ოღონდ ეს სხვა პოსტის თემაა.

 

ამ ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას გაურბიან დღევანდელი მმართველები, ამაზე არ უნდათ საუბარი და სამაგიეროდ, ხელში გვაჩეჩებენ მითს მიშას სურვილზე, ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას დამარცხებულ, განადგურების არაერთგზისი მუქარის წინაშე მყოფ პარტიულ ბიუროკრატიაში. 

 

საკუთარ პასუხისმგებლობას, ხალხის აზრის მოსმენას, გათვალისწინებას გაურბიან და საკუთარ მხარდამჭერებს გმობენ ისინი, ვისაც გონია, რომ შეუძლიათ ხალხი დააიგნორონ და ძალაუფლება პარტიის შიგნით ერთი სამეგობრო კლანის ხელში კულუარული, ანაგარებიანი გარიგებების ხარჯზე შეინარჩუნონ.

 

თუმცა ამ მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნება უბრალოდ შეუძლებელია დემოკრატიულ გარემოში, სადაც მოაზროვნე ადამიანებს ხელი მიუწვდებათ ინფორმაციაზე და არ არსებობს ბერკეტი, რომელიც გაუსვრელ, უანგარო, თავისუფალ ადამიანებს გააჩერებს. 

 

დემოკრატიულ ქვეყანას, დემოკრატიულ პარტიებს აშენებენ თავისუფალი ადამიანები და დემოკრატი ლიდერები და არა კლანები.

 

სადაა გამოსავალი?

 

სინამდვილეში ახლა, ამ პროცესში და ამ უმნიშვნელოვანეს დებატში უნდა დაიბადებოს ხელახლა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც დემოკრატიული, დასავლური პარტია. ამ დებატებში უნდა დაიბადონ ის სამომავლო ლიდერები, რომლებიც „დაგმე მიშას“ თავსმოხვეულ პარადიგმაში კი არ გაიჭედებიან, არამედ უკომპრომისო ბრძოლას დაანახებენ საზოგადოებას ჩვენი მხარდამჭერების გამაერთიანებელი, დასავლური ღირებულებების დასაცავად ჯერ პარტიის შიგნით და ამით გარედან მაყურებლის ნდობასაც დაიმსახურებენ.

 

კლანურობა, დახურულობა, ავიწროვებს, აპატარავებს, კლავს. დემოკრატიულობა, ღიაობა, თავისუფალი ადამიანების შენს თანასწორად აღიარება გაძლიერებს, გმატებს, გზრდის, გასწავლის.

 

მე ამაში ვხედავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის გამოსავალს და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების მთავარ გასაღებს. აქვე ვხედავ ჩვენს როლსუფრო ფართო კონტექსტში, საქართველოში დასავლული ღირებულებების ხელშესაწყობად აუცილებელ საჯარო დებატში", - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !