
მედია სააგენტო ''allmedia'-ს საქმე წინასაარჩევნოდ გახდა აქტუალური, როდესაც ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს, რომ გაერკვიათ ვინ იდგა ოლმედიას უკან და გამოეძიებიათ ასევე ვინ იყვნენ ის ათასობით ადამიანი, რომლებმაც ოლმედიის სახელით გაიარეს აკრედიტაცია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო "ოლმედიის" დამფუძნებელმა გიორგი ქართველიშვილმა მედიასთან ისაუბრა და მისი დაკითხვის დროს მასზე ზეწოლის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.
"მოგეხსენებათ, ჩემს გარშემო და ჩემი კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რაც წინასაარჩევნოდ დაიწყო, კვლავ გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ვიყავი დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვის მიზნით, თუმცა რეალური მიზეზი სხვა არის და მათ სურთ დაშინებით, ზეწოლით ვთქვა ტყუილი და საზოგადოება შევიყვანო შეცდომაში.
მათი სურვილი იყო, თქვენთვის განმეცხადებინა, რომ აღნიშნული დამკვირვებლები ჟურნალისტები არ არიან და არიან შავი დაჯგუფებები ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი უბნების დასარბევად. თუ მე ამას არ გავაკეთებდი, დამაკავებდნენ, როგორც ერთ დროს დააკავეს ნარკოტიკის ჩადებით როსტო (ლევან როსტოშვილი - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი,-რედ.).
არ ვაპირებ მათი მითთებების შესრულებას, რაც არ უნდა მათ სურდეთ ჩემი დევნა პოლიტიკური თუ სამსახურეობრივი საქმიანობის გამო, მე ყოველთვის ვიბრძოლებ ამ უსამართლობის წინააღმდეგ..." - აღნიშნული განცხადება მედიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის თანამშრომელმა და მედია სააგენტო ოლმედიის დამფუძნებელმა გიორგი ქართველიშვილმა გააკეთა.