-
2016-11-10 14:48
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, შედის თუ არა პირადად ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მიერ მოხსენიებულ "პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით ერთ-ორ პერსონაჟს" შორის, სამაგიეროდ, განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში პარტიის მონაწილეობა ახლაც სწორ პოზიციად მიაჩნია.
"მე კარგად მესმის ჩემი გუნდის წევრის, ლიდერისა და მხარდამჭერების ემოცია და გაღიზიანებაც კი. თუმცა მე ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე. მიუხედავად ძალადობრივი და არათავისუფალი არჩევნებისა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მეორე ტურებში ბრძოლა იყო. მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა ამ ისტორიულ მომენტში.
ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვს და საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხებისთვის. მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა, ამ ძალადობის მიუხედავად იქნებოდა უკეთეს შემთხვევაში ორთქლის გამოშვება და არაფერ კარგს არ მოუტანდა არც ქვეყანას, არც პარტიას და არც საბოლოოდ, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულად გამოეხმაურა ენმ-ს მიერ მეორე ტურში მონაწილეობას და გაიხსენა, რომ თავად ურჩევდა პარტიის ხელმძღვანელებს, არ მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში, რადგან ეს (დამარცხება) ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა. ასევე, მან გააკრიტიკა ენმ-ს პოლიტსაბჭოს ბოლო განცხადების ის ნაწილი, სადაც პარტია ლიდერების მიმართ მხარდამჭერების მხრიდან გამოთქმულ ცილისმწამებლურ ბრალდებათა ავტორებს ემიჯნება:
"რაღაც ანეკდოტამდე მივიდნენ, რაღაცას აქვეყნებენ, რაც აღქმულია, რომ თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებს და საკუთარ აქტივისტებს, იმ ხალხს, ვინც გადაგვაკვდა თან და გადააკვდა საქართველოს საქმეს", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელმა უკრაინაში ჩაწერილი ინტერვიუს მსვლელობისას.