
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქში" წერს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ენმ-სთვის ბევრად უარესი შედეგი დადგა, ვიდრე 2012 წლის არჩევნებიდან ოთხი წლის განმავლობაში იყო.
ჩიორა თაქთაქიშვილის აზრით, იმ პირობებში, როცა ენმ ვერ დაბლოკავს ვერცერთ საკონსტიტუციო ცვლილებას, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარსადგენად მანდატების რაოდენობა არ ჰყოფნის, ივანიშვილის რეჟიმის დასამხობად კი მხოლოდ საპარლამენტო ოპონირება და უცხოელ პარტნიორებთან პარლამენტარის სტატუსით კომუნიკაცია არაა საკმარისი.
"რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ 2016 წლის არჩევნებიდან? ეს 2012 წელთან შედეგარებით გაცილებით უარესი რეალობაა. შეიძლება ვინმეს მოსწონდეს ერთიანი ნაცნიონალური მოძრაობა ან არა, მაგრამ 2012-2016 წლებში ივანიშვილის მმართველობას ყავდა ძლიერი საპარლამენტო ოპონენტი ენმ-ს სახით, რომელიც დაჭერების, დარბევების, ფიზიკური ანგარიშსწორების მიუხედავად, ვერ დაიმორჩილა. ჩვენ გვქონდა 2 ბერკეტი: არ გავატანინეთ არცერთი მავნებლური საკონსტიტუციო ცვლილება, ჩვენ გვქონდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.
სად ვართ ახლა? ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციას არცერთი ეს ბერკეტი აღარ გააჩნია: არ გვყავს იმდენი დეპუტატი, რომ დავბლოკოთ კონსტიტუციაში ცვლილებები, არ გვყავს იმდენი დეპუტატი, რომ საკონსტიტუციო სარჩელი (წარდგინება ქვია) შევიტანოთ და რაც მთავარია, ივანიშვილმა გაანადგურა და დაიქვემდებარა საკონსტიტუციო სასამართლოც.
ამ ვითარებაში მხოლოდ საპარლამენტო დებატებში ოპონირება ან საერთაშორისო პარტნიორებთან დეპუტატის სტატუსით კომინიკაცია ვერ იქნება საკმარისი ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. და ეს რომ რეჟიმია, სუსის, პროკურატურის, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების სრული კონტროლით ხელში, ამაზე აღარავინ ვდაობთ.
დღეს ქვეყნისთვის მთავარი ორი ეგზისტენციალური გამოწვევაა: 1. ნატოს და ევროკავშირის და ევროპული ღირებულებების საპირწონედ საქართველოსთვის მზე ისევ ჩრდილოეთიდან არ ამოვიდეს ბნელ ღირებულებებზე აპელირებით. 2. არ ჩამოერთვას ხალხს საკუთარი ნების არჩევნებზე გამოხატვის და ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის შესაძლებლობა. 2016 წელს უკვე დანამდვილებით იცის ყველამ, რომ ივანიშვილს საქართველო რუსეთში შეყავს და რომ ის არ მოერიდება არავითარ გაყალბებას და ტერორს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ივანიშვილი არის საფრთხე როგორც ეროვნული სუვერენიტეტის, ისე თითოეული ადამიანის თავისუფლებისთვის!
ამ ვითარებაში მთავარი პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად - ივანიშვილის დასამარცხებლად ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რაც წინა 4 წლის განმავლობაში ვერ შევძელით, ვიქცეთ ივანიშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო საპროტესტო მუხტის მთავარ გამომხატველად და მამოძრავებელ ძალად.
ჩვენი ოპონენტებიც კი თანხმდებიან იმაში, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე უკეთ ორგანიზებული და მრავალრიცხოვანი წინააღმდეგობის ბირთვი ქვეყანაში არ არსებობს. არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ცალ-ცალკე ან თუნდაც ყველას ერთად აღებულს, უკან ედგეს ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერებზე უფრო მეტი უშიშარი, უანგარო, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.
იმისთვის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისევ იქცეს სახალხო მოძრაობად, ჩემი აზრით, საჭიროა ორი რამ: 1. გამოვასწოროთ საკუთარი შეცდომა და მეტად მოვუსმენოთ და რაც მთავარია, დ ა ვ უ ჯ ე რ ო თ ჩვენივე მხარდამჭერებს. ვესაუბროთ არა მარტო უცხოელ პარტნიორებს და სხვადასხვა ტიპის ელიტებს, არამედ ჩვეულებრივ ხალხს, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს და ისევ მოვიპოვოთ მათი ნდობა.
2. უანგარო, მებრძოლ, იდეალისტ მხარდამჭერებს, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებს და მათ ადვოკატებს, მათ ვისაც ჩვენზე უკეთ და გასაგებად შეუძლია ცალკეული პრობლემის დანახვა და აქტუალიზაცია, მათ მივცეთ გასაქანი ამ ბრძოლაში, დავეხმაროთ და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ მათ, რომ ჩვენთან ერთად ისინიც წინ გაუძღვნენ ამ ბრძოლას.
და კიდევ ერთი: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში შეუძლებელია ვინმე ვინმეზე მაღლა იდგეს ან გვქონდეს ისეთი დამოკიდებულება, რომ აი, მე პოლიტსაბჭოს წევრი, თუ პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატი ან პარლამენტის წევრი ვარ და ამიტომ შენზე უკეთ ვიცი, რას გავაკეთებ. ასეთი დამოკიდებულება დამღუპველია! რაც უფრო მალე შევცვლით ამას ყველა ჩვენს საკუთარ თავში, მით უფრო გაგვიადვილდება ბრძოლაც და ადამიანების ნდობის მოპოვებაც.
ახლა არჩევანი დგას ასე: ან ენმ გადაეწყობა ჯერ საკუთარი ამომრჩევლის და მერე ხალხის ნების გამომხატველ სახალხო მოძრაობად, ან ის უბრალოდ ჩამოშორდება ივანიშვილთან ბრძოლას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ენმ მოინდომებს ამას თუ არა, საზოგადოებაში აუცილებლად, ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ გამოჩნდებიან პასუხისმგებლობიანი, უშიშარი ადამიანები, ვინც აუცილებლად დაუპირსპირდებიან ივანიშვილის რეჟიმს. ოღონდ ეს იქნება გაცილებით უფრო ნელი, პროცესი და შესაძლოა საზოგადოების თვითორგანიზებას გამოკვეთილი მამოძრავებელი ბირთვის არარსებობის პირობებში წლები დასჭირდეს. ივანიშვილს კი სწორედ ის სურს, რომ გაანადგუროს ყველაზე ძლიერი ბირთვი და მამოძრავებელი ძალა ამ ბრძოლაში.
გთხოვთ,ცოტა დრო დავუთმოთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე. იქნებ მე რამე მეშლება? იქნებ არსებობს რამე სხვა გამოსავალიც ამ სიტუაციაში?
ძალა ერთობაშია! და ამ ბრძოლაში ყველანი თანასწორი ვართ!", - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.