
ბესო კალაძე, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი "თავისუფალ ზონის" გამოყენებას დესტაბილიზაციაში ჩართვისთვის გეგმავდა, ჯერ კიდევ გუშინ მეგობართან მიმოწერისას წუხილს გამოთქვამდა, რომ "თავისუფალ ზონას" აქტივობაზე უარს ეუბნებიან და "შიგნიდან დააპაუზეს".
ბესო კალაძისა და რამდენიმე მისი თანამოზარის განცხადებით, ოთხი დღის წინ კიევში შეხვდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თითქოსდა დესტაბილიზაციის მოწყობა სწორედ "თავისუფალ ზონასა" და ორგანიზაციას "საქართველოს ერთგულების სახელით" დაავალა.
კალაძის თქმით, "საქართველო ერთგულების სახელით აკო მინაშვილის მიერ შექმნილი ორგანიზაციაა. ბრიფინგის მონაწილეები, რომლებიც ამბობენ, რომ "თავისუფალი ზონა" პროტესტის ნიშნად დატოვეს, აცხადებენ, თითქოს სწორედ "საქართველოს ერთგულების სახელით" წევრებს ევალებოდათ ძალობანი სტრუქტურების შენობების პიკეტირება.
"თავისუფალ ზონაში" ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ არც თავად კალაძე, არც ბრიფინგზე მყოფი ახალგაზრდები, უახლოეს დღეებში უკრაინაში არ ჩაფრენილან და არც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა გამართულა.
კალაძის ყოფილი თანაგუნდელი 25 სექტემბრის პირადი მიმოწერის ნაწილს აქვეყნებს, სადაც ბესო კალაძე სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ "თავისუფალი ზონა" "შიგნიდან დააპაუზეს" მაშინ, როცა ამ ორგანიზაციის სტილი აქტიურობაა:
"შენ მაინც იცი, ზონის ტემპი რა არის: ქაოსი, ბრძოლა და ყიჟინი. დაგვაპაუზეს შიგნიდანვე, მაგრამ არჩევნების მერე მე წინახაზზე გავალ საბრძოლველად", - წერს კალაძე ყოფილ თანაგუნდელს ბესო ქათამაძეს.