
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პირველად ეხმაურება გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებულ სერიალ "ჰეროკრატიას". მან "ფეისბუქზე" ნიკა გვარამიას პოსტი გაიზიარა და დაწერა:
"უი, 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველი მე-20 ტელემაყურებელი იწუხებს თავს მისი ყურებით. ოლიგარქმა სასწრაფოდ ახალი კომპრომატი უნდა "გააძროს" "ოცნების" დარჩენილი ელექტორატის მობილიზაციისათვის.
ისე, ეს 40 მილიონი თუნდაც საკუთარი მომხრეებისათვის რომ დაერიგებინა, ეგეც მადლი იქნებოდა. ჩვენი პერიოდი, საქართველოს ისტორიაში, დარჩება როგორც სწრაფი მოდერნიზაციის, აღმშენებლობისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ეპოქა. ბოლო 4 წლის გაუგებრობა, კი მართლაც, როგორც რუსები იტყვიან, ХЕРократия იყო", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ნიკა გვარამიამ კი "ფეისბუქში" დაწერა, რომ სერიალს მხოლოდ იმაზე ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, რაც "რუსთავი-2"-ის ეთერში სამაუწყებლო ბადის ფერად გრაფიკს, როცა მაყურებელი მაუწყებლობის განახლებას ელოდება და დროდადრო გადართავს ხოლმე ან დაწყების მოლოდინში აქვს გადართული.
მისი თქმით, ეს საეთერო ფერადი გრაფიკული გამოსახულება 2% წერს დღის განმავლობაში, მაშინ როცა "ჰეროკრატიის" რეიტინგი სულ 5%-ია.