
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მიმდინარე აქციის დროს "ჩვენი სამშობლოს" ლიდერის გია კორკოტაშვილის დამალვის შესახებ "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოს ეხმიანება და წერს, რომ ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, მისი მსგავსი ხელმოცარული ზონდერებით დაჩრდილოს აშკარა უპირატესობა აჭარაში.
“აი, ასეთი ხელმოცარული ზონდერებით ცდილობს ივანიშვილის მთავრობა, დაჩრდილოს აშკარა უპირატესობა აჭარაში. როგორც ჩანს, კარგად უსწავლიათ მეთოდიკა აბაშიძისგან, თუმცა, ის კი დავიწყებიათ, როგორ დამთავრდა მისი ქმედებები.
საქართველომ უკან მოიტოვა მსგავსი მეთოდებით ბრძოლა.
ჯერ, ვარშალომიძეზე საქმის აღძვრა გაჭირვებული მოსახლეობისთვის სახლების აშენების სურვილის გამო; შემდეგ, ხმის ამოღებისთვის ჩემი დაჯარიმების ინიციატივა და ახლა, ამას ემატება პირდაპირი თავდასხმის მცდელობა – ეს ყველაფერი ჩემთვის უტყუარი ნიშანია იმისა, რომ რუსმა ოლიგარქმა იცის – მას არჩევნები უკვე წაგებული აქვს.
ჩვენი ბრძოლა საქართველოს გადარჩენისა და წინსვლისთვის მალე გადავა ახალ, ბევრად უფრო მძლავრ და საინტერესო ეტაპზე. ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ოქტომბერში ეს მარაზმი აუცილებლად დასრულდება, ჩვენს ხალხს ვეღარ მოატყუებენ. რუსი ოლიგარქი დამარცხდება და მის დესანტს კი, ნამდვილად მოუწევს კრემლისთვის “ჩუნგა-ჩანგა”-ს სიმღერა, რადგან ჩვენს სამშობლოში მათ ბოროტ ტაკიმასხრობას გასავალი აღარ ექნება”- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.