-
2016-08-02 09:51
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "მთავარში" მონაწილეობისას, შეკითხვის პასუხად - რა ნიშნით უნდა გააკეთოს არჩევანი მოსახლეობამ რესპუბლიკელებსა და "ქართულ ოცნებას" შორის, განაცხადა, რომ ამომრჩეველმა თვალების დახუჭვით ან მის გარეშე უნდა დაასახელოს ჯერ რესპუბლიკელების, ხოლო შემდეგ "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა გვარები და გაიაზროს, რა დარჩება გონებაში.
"თითოეულმა ამომრჩეველმა თუ უნდა დახუჭოს თვალები, თუ უნდა ნუ დახუჭავს და თავის გონებაში თქვას ფრაზა - ”რესპუბლიკური პარტია”: დავით უსუფაშვილი, დავით ბერძენიშვილი, ხიდაშელი, ხმალაძე, ხაინდარავა, ლევან ბერძენიშვილი.... ცოტა ხანი გაჩერდეს.
მერე მეორე მხრივ დახუჭოს თვალი და წარმოიდგინოს ”ქართული ოცნება” და ასევე ჩამოთვალოს ხალხი. მერე გაიაზროს რა დარჩა მეხსიერებაში, რა გაიგო, როდესაც ეს გვარები და სახელები და ეს პარტია თქვა და როცა ის პარტია და ის სახელები თქვა. ის პარტია, ის გვარი და სახელები რომ თქვა, ჩემი აზრით ათიდან ცხრას გაუჩნდა ასოციაცია - ბიძინა ივანიშვილი. ეს არც ცუდია და არც კარგი. ეს რეალობაა”, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკური პარტია "ლივერპულს" შეადარა, რომელიც მუდამ კარგ ფეხბურთს უჩვენებს, თუმცა, ყოველ წელს ჩემპიონი ვერ ხდება, როგორც, ვთქვათ, "მანჩესტერ იუნაიტედი":
”ჩვენ პურს ვერ ვაცხობთ, ეგ არ ვიცით, ვერ მოგვყავს კარგი მოსავალი, ვერ ვთოხნით კარგად. ამ თემებში არ ვვარგივართ, მაგრამ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და პოლიტიკურ ველზე, პრემიერლიგა რომ არსებობდეს, საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს შორის ჩვენ ვართ სერიოზული ძალა. არ ვართ ჩვენ ”მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელიც ყოველ მეორე წელს ხდებოდა ჩემპიონი ინგლისში, მაგრამ ვართ ”ლივერპული”, რომელიც სულ კარგ თამაშებს თამაშობდა და ყოჩაღად იყო”, - თქვა უსუფაშვილმა "მთავარში".