
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნა არასწორი ნაბიჯია, მაგრამ მისი თქმით, ისურვებდა, ამ არასწორმა ნაბიჯმა ამ სფეროში არასწორი პოლიტიკა არ გამოიწვიოს. ამის შესახებ უსუფაშვილმა "პირველი არხის" გადაცემაში "მთავარი" ისაუბრა.
"...თავად ლევან იზორიას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, უნივერსიტეტის პირველი წლებიდან. მას ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით აქვს სერიოზული კვალიფიკაცია, მაგრამ თავდაცვის უწყების და ჯარის სპეციფიკიდან გამომდინარე მე მგონია, რომ ეს სისტემურად არასწორად დანახული მომავალია და არასწორი ნაბიჯია.
მაგრამ, მე ვისურვებ, რომ ამ ჩემი აზრით არასწორმა ნაბიჯმა არასწორი პოლიტიკა არ გამოიწვიოს ამ საფეროში და ამისთვის ყველამ უნდა იზრუნოს-პრემიერმაც, მინისტრმაც, მეც ჩემი მხრიდან რაც შემეძლება, იმიტომ, რომ ჯარი და თავდაცვის უწყება ეს არის ის სფერო, სადაც ყველას ინტერესშია ნაბიჯების სწორად გადადგმა. ამიტომ, მე ოპონენტი ვარ ამ შემთხვევაში ”ქართული ოცნების”, ოპონენეტი ვარ პრემიერის ამ არჩევნებზე, მაგრამ არ მიხარია ის, რასაც ვამბობ. მე გამიხარდებოდა სხვა რამ რომ შემეძლოს მეთქვა”, - თქვა დავით უსუფაშვილმა.